მსოფლიო დღეს

სენსაციური დასკვნა: კოსმოსში გაზრდილი სალათი დედამიწაზე მოყვანილს სჯობს – ვიდეო

მკვლევარებმა დაადგინეს, რომ კოსმოსური სალათი აბსოლუტურად უსაფრთხოა გამოსაყენებლად, მდიდარია ვიტამინებითა და მიკროელემენტებით და კვებითი ღირებულებით დედამიწაზე მოყვანილს არ ჩამოუვარდება.
Sputnik

თბილისი, 6 მარტი — Sputnik. სრულიად უსაფრთხო და ვიტამინებით მდიდარი – ასე შეაფასეს კენედის სახელობის კოსმოსური ცენტრის მეცნიერებმა კოსმოსში გაზრდილი სალათი, რომლის კვლევაც ახლახან დასრულდა. შედეგები ჟურნალ Frontiers in Plant Science-შია გამოქვეყნებული. 

ბოსტანი მთვარეზე: ჩინელები მნათობზე კარტოფილის დათესვას აპირებენ

კვლევის შედეგები მეტყველებს, რომ სალათი აბსოლუტურად უსაფრთხოა გამოსაყენებლად, მდიდარია ვიტამინებითა და მიკროელემენტებით და კვებითი ღირებულებით დედამიწაზე მოყვანილს არ ჩამოუვარდება.

საუბარია სალათზე Lactuca sativa, რომელიც საერთაშორისო კოსმოსური სადგურის ბორტზე 2014-16 წლებში გაზარდეს. 

ამასთან ირკვევა, რომ „კოსმოსური სალათი“ დაცულია დაავადების გამომწვევი მიკრობებისგან. უფრო მეტიც, დედამიწაზე მოყვანილთან შედარებით, ის უფრო დიდი რაოდენობით შეიცავს ისეთ მიკროელემენტებს, როგორებიცაა კალიუმი, ნატრიუმი, ფოსფორი, გოგირდი, თუთია, ასევე შეიცავს ფენოლურ მოლეკულებს, რომლებსაც ვირუსების, სიმსივნეებისა და ანთების საწინააღმდეგო თვისებები აქვს. 

აღნიშნება, რომ დაბალი გრავიტაციისა და უფრო ინტენსიური გამოსხივების პირობებში გაზრდის მიუხედავად, მკვლევარებმა სალათში უფრო მეტი მიკროორგანიზმები აღმოაჩინეს. ამან გააოცა მეცნიერები,  ვინაიდან, მათი აზრით, კოსმოსში მხოლოდ ცალკეული მიკრობული სახეობები ვითარდებოდა. 

კვლევის ავტორები ირწმუნებიან, რომ კოსმოსურ სალათზე აღმოჩენილი არც ერთი სახეობის ბაქტერია არ იწვევს ავადმყოფობას ადამიანებში. ახლა მკვლევარებმა საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე სხვა მცენარეების თესლები გაგზავნეს გასაზრდელად, მათ შორის, კომბოსტოსიც.