გრიბოედოვის თეატრი გოგოლის „შეშლილის წერილებს“ დგამს

ქართველი რეჟისორის დადგმაში გოგოლის ნაწარმოების მთავარი გმირი სულაც არ არის შეშლილი ან შერეკილი, რომელიც ყველას უნდა შეგვეცოდოს.
Sputnik

თბილისი, 6 მარტი — Sputnik. ტრაგიკომედია „შეშლილის წერილების“ საპრემიერო ჩვენებები ნიკოლაი გოგოლის მოთხრობის მიხედვით გრიბოედოვის თეატრის სცენაზე 27 და 28 მარტს გაიმართება, აცნობეს „Sputnik-საქართველოს“ თეატრში.

ოპერისა და ბალეტის თეატრში მარტში დაგეგმილი სპექტაკლები გადაიდო >>

სპექტაკლს თეატრის მთავარი რეჟისორი გიორგი მარგველაშვილი დგამს. ის ასევე სცენიური ვერსიის და მუსიკალური გაფორმების ავტორია. სამხატვრო გაფორმებაზე ზრუნავს საქართველოს სახალხო მხატვარი, შოთა რუსთაველის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი, სცენოგრაფი მირიან შველიძე.

გრიბოედოვის თეატრი გოგოლის „შეშლილის წერილებს“ დგამს

მოთხრობის მთავარი გმირის, პეტერბურგელი წვრილი ჩინოვნიკის აკსენტი პოპრიშჩინის როლს მსახიობი ვალერი ხარიუტჩენკო შეასრულებს. სპექტაკლში ასევე როლებს ასრულებენ ნატალია ვორონიუკი, მერაბ ქუსიკაშვილი, დიმიტრი სპორიშევი და სოფი ჩალაშვილი.

სპექტაკლი „შეშლილის წერილები“

მოთხრობა „შეშლილის წერილები“ გოგოლმა 1834 წელს დაწერა. ნაწარმოებმა მაშინვე მიიპყრო კრიტიკოსებისა და მკვლევარების ყურადღება. ბელინსკით დაწყებული, უმრავლესობა ერთხმად აღიარებს, რომ „წერილები“ – „დაავადების ფსიქიკური ისტორიაა, რომელიც პოეტური ფორმით არის გადმოცემული... ეს არის შეშლილის დაცინვა, რომლის ბოდვა სიცილს იწვევს და ამავე დროს სიბრალულს აღძრავს“.

ილუზია და სიყვარული: მარჯანიშვილის თეატრში ტოლსტოის „კრეიცერის სონატა" დაიდგა

როგორც გრიბოედოვის თეატრში აღნიშნავენ, თითქმის ყველა თეატრალურ დადგმაში პოპრიშჩინი არის საბრალო დოყლაპია, რომელიც სიგიჟემდე აუტანელმა დამცირებამ მიიყვანა.

აღსანიშნავია, რომ რეჟისორმა გიორგი მარგველაშვილმა საქართველოში რუსულ სცენაზე ეს სპექტაკლი პირველმა დადგა. ამასთან, დამდგმელი რეჟისორი ლეგენდარულ ნაწარმოებს სხვაგვარად ხედავს. მისი თქმით, მიღებულია, რომ პოპრიშჩინი არის პათოლოგიურად პატივმოყვარე ადამიანი, რომელიც იმის გამო გაგიჟდა, რომ კარიერული ზრდა არ აქვს. თუმცაღა, მარგველაშვილის თვალსაზრისით, ეს ზედაპირული, ყველაზე მარტივი ხედვაა.

„არა, პოპრიშჩინი არ გაგიჟებულა. და ის არ არის დოყლაპია ან შერეკილი, რომელიც ყველას გვეცოდება, – ამბობს მარგველაშვილი. – მან საკუთარ თავს მოუგონა რაღაც ილუზია (როგორც ამას ხშირად ჩვენც ვაკეთებთ) და ირწმუნა ის. და მერე რა? „იპოვი რაღაც უბადრუკ ქონებას, – წერს გოგოლი, – გგონია, რომ მიწვდები ხელით და ამ დროს აგაცლის ვინმე კამერ-იუნკერი ან გენერალი“. აი აქ აქვს პოპრიშჩევს კონფლიქტი საკუთარ თავთან, საკუთარ წარმოსახვასთან, და ყველაფერში საშინელი უსამართლობის მწვავე შეგრძნება იბადება. მაგრამ თქვენ არ შეგიძლიათ შეცვალოთ თქვენი ცხოვრება“.

რა ემართება ადამიანს ასეთ მომენტში, მაყურებელი სულ მალე ნახავს გრიბოედოვის თეატრის მცირე სცენაზე. ბილეთები იყიდება თეატრის სალაროში და ონლაინ.