ჩინეთიდან ჩამოსულმა საქართველოს მოქალაქეებმა კარანტინი დატოვეს

14 დღე მათ საჩხერის სამედიცინო ცენტრში ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ გაატარეს, არც ერთ მათგანს კორონავირუსი არ დაუდასტურდა.
Sputnik

თბილისი, 6 მარტი — Sputnik. ჩინეთიდან ჩამოსულმა საქართველოს ყველა მოქალაქემ საჩხერის სამედიცინო ცენტრში არსებული საკარანტინო სივრცე დატოვა, იუწყება ტელეკომპანია Imedi.

საქართველოს მოქალაქეები ჩინეთიდან სპეცრეისით 21 თებერვალს ჩამოვიდნენ და 14 დღის განმავლობაში მედიკოსების განსაკუთრებული მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებოდნენ.

11–მა მოქალაქემ კარანტინი ნაწილობრივ გაიარა და თვითიზოლაციაში გადავიდა, დანარჩენი 23 კი სასტუმროში იმყოფებოდა.

საქართველოში დღეისთვის კორონავირუსის ცხრა შემთხვევაა დაფიქსირებული. ყველა დაავადებული საქართველოს მოქალაქეა – ორი მათგანი ირანში იმყოფებოდა, შვიდი კი იტალიაში. 

კორონავირუსის გამო საქართველოში რკინიგზის მშენებლობა შეჩერდა

ქვეყანაში ინფექციის გავრცელების წინააღმდეგ მასშტაბური სადეზინფექციო და პროფილაქტიკური ღონისძიებები ტარდება. ზოგიერთი უწყება, კომპანია და ორგანიზაცია უკვე გადავიდა მუშაობის დისტანციურ რეჟიმზე.

ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით უწყებათშორისმა საკოორდინაციო საბჭომ გასცა რეკომენდაცია საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ხალხმრავალი ღონისძიებების გაუქმების შესახებ.

სკოლებში, საბავშვო ბაღებსა და უმაღლეს სასწავლებლებში 2 მარტიდან ორკვირიანი არდადეგები გამოცხადდა. მიმდინარეობს სასწავლო დაწესებულებების დეზინფექცია. უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების ნაწილი დისტანციური ელექტრონული სწავლების მეთოდზე გადადის.

საქართველოს ხელისუფლებამ, კორონავირუსის საფრთხესთან დაკავშირებით, ორი კვირით აკრძალა სახმელეთო მიმოსვლა საქართველოსა და ირანს შორის, ასევე შეჩერებულია ფრენები ირანიდან და ჩინეთიდან. ჩინეთიდან აკრძალულია ასევე ცხოველების შემოყვანა. აეროპორტებსა და სახელმწიფო საზღვრის საკონტროლო პუნქტებზე სპეციალისტები ყველა მოქალაქეს ამოწმებენ. ჯანდაცვის სამინისტრო მოსახლეობაში საინფორმაციო კამპანიას ატარებს.