ყვითელი ამბები

„ხელში ტელეფონს ვიღებ, მსურს ნუცას დავურეკო და ვუთხრა...“ – მაია ასათიანი

პირად ცხოვრებაში მომხდარი ტრაგედიის შემდეგ მაია ასათიანმა ახალი ცხოვრება დაიწყო. ჟურნალისტი კუნძულ ბალიდან დაბრუნდა და გულახდილი ინტერვიუ მისცა.
Sputnik

„ფორტუნა პლუსის“ გადაცემა „ვიზიტორში“ ჟურნალისტმა და ტელეწამყვანმა მაია ასათიანმა მისი ცხოვრების აქამდე უცნობ ფაქტებზე ისაუბრა. მისი თქმით, შვილის გარდაცვალების შემდეგ პირველად მის დაბადების დღეზე დადგა კამერების წინ და ეგონა, ვერ ისაუბრებდა.

„როდესაც იმ კადრებს ახლა ვუყურებ, ვხვდები, რომ ძალიან ემოციური იყო ეს ყველაფერი ჩემთვის. როდესაც ახლა სარკეში ვიყურები, თითქოს უკვე ცოცხალს ვგავარ, ერთადერთი, ჩემი მზერა მყიდის ხოლმე. ვფიქრობ, მუდმივ დეპრესიაში ყოფნა უფრო ადვილია, ვიდრე იბრძოლო და გამოხვიდე მდგომარეობიდან“, – ამბობს ტელეწამყვანი. მისი თქმით, ტრაგედიის გადატანაში მისი ძაღლი, ჰასკი „დუდი“ დაეხმარა.

„ვცხოვრობ მარტო და ზოგჯერ მაქვს ხოლმე მომენტები, როდესაც ხელში ტელეფონს ვიღებ, მსურს ნუცას დავურეკო და ვუთხრა, რომ მაგვიანდება, თუმცა შემდეგ რეალობას ვუბრუნდები“, – ამბობს მაია ასათიანი. პოპულარული ჟურნალისტი სკანდალური ცხოვრების მიუხედავად უამრავ ადამიანს უყვარს. მის გარშემო განსაკუთრებულად გულწრფელი ადამიანები ერთადერთი ქალიშვილის გარდაცვალების შემდეგ გამოჩნდნენ. მათ შორის არიან მაიას დედა, ნახევარდები და მამინაცვალი, რომლებიც მას გვერდიდან არ შორდებიან. როგორც ოჯახის წევრებს შეეფერებათ, მაიას დებთან ძალიან ახლო და მეგობრული ურთიერთობა აქვს. უმცროსი და ვერონიკა მაიას ჰგავს, გოგონები ერთად ხშირად მოგზაურობენ მიუხედავად იმისა, რომ მაიას ბოლო პერიოდის მანძილზე საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში გამოჩენა აღარ ხიბლავს.

მისი სოციალური ქსელის ვიდეოების უმეტესობა სახლშია გადაღებული. კადრებზე ჰარმონიული ხედი, ბუნება, მისი უსაყვარლესი ძაღლები და კატა დომინირებს. მაიამ სიმშვიდე საკუთარ თავთან განმარტოებაში იპოვა, თუმცა ოჯახის წევრებს უფრო და უფრო დაუახლოვდა. მას გადაცემაში დედაც ჰყავდა მიწვეული, რომელმაც ჟურნალისტის ცხოვრების ბევრი ფაქტი გაიხსენა. მაიამ კი, თავის მხრივ, დედას ყველაფრისთვის მადლობა გადაუხადა. ცოტა ხნის წინ ჟურნალისტი კუნძულ ბალიზე განმარტოვდა, რადგან შვილის გარდაცვალების წლისთავი იყო. ტელეწამყვანმა კუნძულზე უამრავი წიგნი მოიმარაგა, დადებითი ემოციები დააგროვა და კეთილი ადამიანები გაიცნო.