თბილისი, 5 მარტი – Sputnik. ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭახათში 76 წლის მამაკაცი ხანძარს ემსხვერპლა, იუწყება „აჭარის ტელევიზია".
უბედური შემთხვევა დღეს მოხდა.
გავრცელებული ინფორმაციით, მამაკაცი ეზოში ფიჩხს წვავდა, რამაც ხანძარი გამოიწვია. მან ცეცხლისგან თავის დაღწევა ვეღარ მოახერხა და მიღებული დამწვრობის შედეგად ადგილზე გარდაიცვალა.
„ეზოს აწესრიგებდა. ცეცხლი მოუკიდა ფიჩხს და თივას. მზე იყო, ცოტა ქარიც და ცეცხლი აალდა. სახლიც ახლოს იყო. ალბათ იფიქრა, ცეცხლი უფრო მასშტაბური არ გახდესო და ჩაქრობას შეეცადა. შემდეგ, როგორც ვიცით, ცეცხლისგან თავის დაღწევა ვეღარ შეძლო“, – განაცხადა გარდაცვლილის მეზობელმა.
შემთხვევის ადგილზე გამოძახებული იყო სახანძრო-სამაშველო სამსახურისა და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადები.
მომხდარზე გამოძიება 187-ე მუხლის მესამე ნაწილით დაიწყო, რაც ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს, რამაც გაუფრთხილებლობით ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.