თბილისი, 4 მარტი - Sputnik. სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის თბილისში ვიზიტის დროს მთავრობის მეთაურის პირადი მცველი შეუძლოდ გახდა. მას სიცხემ აუწია. ერევანში ჩასვლისთანავე დაცვის წევრი ჰოსპიტალში მოათავსეს, იუწყება „Sputnik-სომხეთი“.
დღის მეორე ნახევარში სომხეთის ჯანდაცვის სამინისტროს პრესმდივანმა ალინა ნიკოღოსიანმა Facebook-ზე განათავსა ინფორმაცია, რომ მცველს კორონავირუსი არ დაუდგინდა. მისი თქმით, მამაკაცს გამოკვლევა ჩაუტარდა და ამჟამად ის თავს უკეთ გრძნობს. ეს ნიშნავს, რომ ქართველ მაღალჩინოსნებს, რომლებიც მთელი ამ დროის განმავლობაში სომხეთის დელეგაციას ხვდებოდნენ, კორონავირუსზე ტესტირების ჩატარება არ დასჭირდებათ.
სომხეთში ამჟამად გამოვლენილია კორონავირუსის ერთი დადასტურებული შემთხვევა. ინფიცირებულია 29 წლის მამაკაცი, რომელიც სომხეთში ირანიდან ჩავიდა. 32 ადამიანი, რომლებთანაც მას ურთიერთობა ჰქონდა, იზოლირებულია.
ბოლო ინფორმაციით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულია სამი ადამიანი - ორი მამაკაცი, რომლებიც ირანიდან ჩამოვიდნენ, და ერთი ქალბატონი, რომელიც იტალიიდან ჩამოვიდა. კარანტინში რჩება 97 ადამიანი, თვითიზოლაციაში - 92 ადამიანი.