ფაშინიანი: საქართველო-სომხეთის ურთიერთობა ასეთი კარგი არასდროს ყოფილა

საქართველოში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ვიზიტს ექსპერტები იხილავენ, როგორც საქართველო-სომხეთის ურთიერთობების განვითარების სტიმულს
Sputnik

თბილისი, 4 მარტი - Sputnik. საქართველოში სომხეთის მთავრობის მეთაურის, ნიკოლ ფაშინიანის ორდღიანი ოფიციალური ვიზიტი დასრულდა. პრემიერ-მინისტრი შეხვდა ქართველ კოლეგას, გიორგი გახარიას, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძეს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორეს, საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანს. 

საქართველოსა და სომხეთს შორის ურთიერთობის ატმოსფერო არასოდეს ყოფილა ასეთი კარგი, - ფაშინიანის ამ სიტყვებით შეიძლება პრემიერის ვიზიტის ძირითადი არსის გამოხატვა.

ფაშინიანი: საქართველოსთან ურთიერთობების გაგრძელება სტრატეგიულ ჭრილში წარმოგვიდგენია >>

„სომხეთ-საქართველოს ურთიერთობებში მივაღწიეთ ისეთ ატმოსფეროს, რომელიც, ჩემი აზრით, არასოდეს ყოფილა ასეთი კარგი. ეს სხვადასხვა სფეროში გამოიხატება. გამაკვირვა და გამახარა იმის დანახვამ, რომ სომხეთში საქართველოდან ჩასულთა რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზარდა. ჩვენთვის ცნობილია ასევე, რომ სომხეთის ბევრი მოქალაქე იმყოფება საქართველოში“, - განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა.

თბილისთან თანამშრომლობის ვექტორის გადახედვის გეგმებზე ფაშინიანმა ჯერ კიდევ 15 ოქტომბერს - ერევანში საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას თაოსნობით ქართული დელეგაციის ვიზიტის დროს ისაუბრა. გაფართოებული ფორმატით ჩატარებულ შეხვედრაზე ფაშინიანმა აღნიშნა, რომ ერევანს სურდა თბილისთან ურთიერთობის სტრატეგიული კონცეფციის შემუშავება.

„ჩვენთვის ურთიერთობების გაღრმავება საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობის განვითარებას ნიშნავს. შეუძლებელია ჩვენს ქვეყნებს შორის, რომელთაც ღრმა კულტურული, პოლიტიკური, ისტორიული, ეკონომიკური კავშირები აქვთ, ურთიერთობის უაღრესად დიდი მნიშვნელობის გადაჭარბებით შეფასება“, - აღნიშნა ფაშინიანმა.

პრემიერის თქმით, ბოლო წლებში ერევანმა და თბილისმა შეძლეს ორმხრივი ურთიერთობების ხარისხობრივად ახალ დონეზე გადაყვანა. პრემიერმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ყველა ქართულ-სომხური შეთანხმება განხორციელდა.

ამასთან, ფაშინიანმა ხაზი გაუსვა, რომ სომხეთისა და საქართველოს საინვესტიციო მიმზიდველობა გაიზრდება, თუ ორივე ქვეყანა ერთიანი დემოკრატიული ტერიტორიის სახით იქნება განხილული.

თანამშრომლობა თავდაცვის სფეროში

ფაშინიანს თბილისში ლამაზად დახვდნენ – ცერემონია ვიდეოზე აღბეჭდეს

თბილისში ფაშინიანის ვიზიტს წინ უძღოდა საქართველოს თავდაცვის მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ვიზიტი ერევანში. ორი ქვეყნის თავდაცვის სამინისტროებმა დაამტკიცეს თავდაცვის სფეროში 2020 წლის თანამშრომლობის პროგრამა.

ვიზიტისას მხარეები შეთანხმდნენ, რომ სომეხი სამხედროები მონაწილეობას მიიღებენ საქართველოში ნატოს დაგეგმილ სწავლებაში Noble Partner 2020. საქართველო უკვე მეხუთედ უმასპინძლებს მრავალეროვნულ წვრთნებს. ღონისძიება სექტემბერში ვაზიანის პოლიგონებზე გაიმართება.

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ერევანში საქართველოს თავდაცვის მინისტრთან შეხვედრისას ხაზგასმით აღნიშნა, რაოდენ დიდ მნიშვნელობას ანიჭებს სომხეთ-საქართველოს სტრატეგიული ურთიერთობების გაღრმავებას. მან განაცხადა, რომ თანამშრომლობა თავდაცვის სფეროში სომხეთ-საქართველოს პარტნიორობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კომპონენტია და იქვე აღნიშნა, რომ მეტად მნიშვნელოვანია ორი ქვეყნის თავდაცვის სამინისტროებს შორის 2020 წელს თანამშრომლობის შესახებ გაფორმებული პროგრამა.

„წრფელი და თბილი ურთიერთობები“

ფაშინიანმა არაერთხელ აღნიშნა, რომ მეზობელ ქვეყნებს შორის ურთიერთობა წრფელი და თბილია. ერთობლივ პრესკონფერენციაზე, რომელიც ერევანში გახარიას მონაწილეობით 2019 წლის ოქტომბერში გაიმართა, ფაშინიანმა აღნიშნა, რომ სომხეთ-საქართველოს ურთიერთობები გარეშე ფაქტორების ზეგავლენისგან თავისუფალი უნდა იყოს.

აღსანიშნავია ასევე, რომ სომხეთის პრემიერის რანგში პირველი ვიზიტით ფაშინიანი სწორედ საქართველოს ესტუმრა. საუბარია 2018 წლის მაისის ვიზიტზე, როდესაც სომეხ კოლეგას საქართველოს მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა უმასპინძლა.

„მეგობრობის ხიდი“

საქართველოსა და სომხეთს დღეს აკავშირებს არა მხოლოდ ვირტუალური მეგობრობის ხიდი, არამედ რეალური პროექტი, რომელიც „მეგობრობის ხიდის“ აშენებას ითვალისწინებს.

„მეგობრობის ხიდის“ პროექტის შესახებ 2013 წელს გამოცხადდა. ის 2016 წელს უნდა გახსნილიყო. თარიღი რამდენჯერმე გადაიდო. გამოცხადდა საერთაშორისო ტენდერი, რომელშიც ირანულმა კომპანიამ გაიმარჯვა.

საქართველოს პრემიერმა ნიკოლ ფაშინიანს „ბომბორა" აჩუქა

2018 წლის მიწურულს კომპანიამ ქართულ და სომხურ მხარეებთან გააფორმა შეთანხმება. ორივე ქვეყნის წარმომადგენლებმა პროექტი საუკეთესოდ აღიარეს როგორც რეალიზაციის, ისე ფინანსური თვალსაზრისით. შედეგად, სომხეთმა და საქართველომ შექმნეს კომისიები, რომლებიც ამ პროექტს შეისწავლიდნენ (ორივე თავისი მხრიდან).

„მეგობრობის ხიდის“ ღირებულება 10 მილიონი დოლარია. საქართველო და სომხეთი ხარჯს თანაბრად ინაწილებენ.

სომხეთმა უკვე შეასრულა პირობების ნაწილი, კერძოდ, ხიდის საპროექტო სამუშაოები. პროექტი შემკვეთმა და ტექნიკური კონტროლის განმახორციელებელმა ორგანიზაციამაც მოიწონეს. ამ ეტაპზე პროექტმა ჯერ არასაუწყებო, შემდეგ კი სახელმწიფო ექსპერტიზა უნდა გაიაროს. მხოლოდ ამის შემდეგ იქნება მზად სომხეთის მხარე სამშენებლო სამუშაოების დასაწყებად.

თემამ აქტუალობა 12 თებერვალს სომხეთის ტერიტორიული მართვისა და ინფრასტრუქტურის მინისტრ სურენ პაპიკიანისა და საქართველოს ვიცე-პრემიერის, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრ მაია ცქიტიშვილის შეხვედრის შემდეგ შეიძინა.

მშენებლობა 2019 წლის სექტემბერში უნდა დაწყებულიყო და 2021 წლის შემოდგომაზე მდინარე დებედზე, სომხეთ-საქართველოს საზღვარზე, „მეგობრობის ხიდი“ უნდა გადებულიყო.

საქართველო-სომხეთის ურთიერთობა დინამიკურობით გამოირჩევა

„შთამბეჭდავი იყო“ – რისთვის გადაუხადა საქართველოს პრემიერმა მადლობა ფაშინიანს

საქართველოსა და სომხეთის ინტენსიური დაახლოების ტენდენციაზე ექსპერტებიც მიუთითებენ.

პოლიტოლოგ პეტრე მამრაძის სიტყვებით, ფაშინიანის ვიზიტი კონკრეტულ ქმედებებს იმპულსს შესძენს და სამხრეთ კავკასიაში ინტეგრაციის ინდექსს გააუმჯობესებს.

 „არ ვისაუბრებდი დათბობაზე, ვინაიდან ურთიერთობა არც გაცივებულა. თუ არ ჩავთვლით მიხეილ სააკაშვილის მმართველობის ბოლო წლებს, როდესაც ის თავს სომხეთის, მისი მთავრობისა და ეკონომიკის მისამართით არაადეკვატური განცხადებების კეთების უფლებას აძლევდა. თუმცა მის დროს სომხეთის ეკონომიკა უკეთეს მდგომარეობაში იყო, ვიდრე საქართველოს ეკონომიკა. სომხეთი არასდროს პასუხობდა სააკაშვილის ასეთ არაადეკვატურ განცხადებებს. მაგრამ ეს იყო სომხეთში ელიტური და მასობრივი კორუფციის პერიოდი. ხელისუფლების უმაღლესი ეშელონები თავიანი ოჯახის წევრებთან ერთად იყვნენ მასში ჩაფლული. ეს ხელს უშლიდა ინტენსიურ ეკონომიკურ ურთიერთობას, მის გამჭვირვალობას. და რასაკვირველია, როდესაც სომხეთში მოხდა რევოლუცია და ქვეყნის სათავეში მოვიდა ცნობილი მოღვაწე, ჟურნალისტი, მტკიცე ნებისყოფის ადამიანი, რომელიც მზად იყო, ეხელმძღვანელა ხალხის ინტერესებით და დაამტკიცა კიდეც ეს, ურთიერთობამ მეტი ინტენსიობა შეიძინა. ამიტომ გახდა ჩვენი კავშირები უფრო დინამიკური“, - განაცხადა მამრაძემ.

საქართველო სომხეთიდან ირანული საქონლით დატვირთულ ტრაილერებს გაატარებს

რეგიონული მასშტაბის მნიშვნელოვან მოვლენას უწოდებს სომხეთის მთავრობის მეთაურის ვიზიტს საქართველოში საერთაშორისო საკითხთა ექსპერტი ვასო კაპანაძე.

 „ამჟამად ვითარება მთელ მსოფლიოსა და ჩვენს რეგიონშიც საკმაოდ არასტაბილურია. განსაკუთრებით, სირიაში. ხვალ რუსეთისა და თურქეთის პრეზიდენტები ერთმანეთს ხვდებიან, რათა ქვეყნებს შორის დაძაბულობა განმუხტონ. ამასთან დაკავშირებით, რეგიონული თვალსაზრისით, ფაშინიანის ვიზიტი მეტად მნიშვნელოვანია. კონკრეტული განცხადებები არ გაჟღერებულა, მაგრამ მთლიანობაში ვიზიტი მნიშვნელოვანია და, ვფიქრობ, შეხვედრაზე საქართველოსა და სომხეთის პრემიერებმა განიხილეს ისეთი საკითხები, რომლებზეც ჩვენთვის ჯერ არაფერია ცნობილი, მაგრამ მომავალში ნაწილ-ნაწილ გაგვაგებინებენ“, - აღნიშნა კაპანაძემ.

ცოტაოდენი „არაფორმალობა“

საქართველოს პრემიერმა სომეხ კოლეგას წმინდა სისხლის კავკასიური ნაგაზის ლეკვი აჩუქა. XX საუკუნის 60-იანი წლების პოპულარული ქართული მულტფილმის გმირის საპატივცემოდ მას ბომბორა დაარქვეს.

უჩვეულო და შთამბეჭდავი საჩუქრის შესახებ ფაშინიანმა თავის Facebook-გვერდზე დაწერა.

„ჩემი მეგობრის, საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ძვირფასი საჩუქარი ბომბორა - წმინდა სისხლის კავკასიური ნაგაზი. ის იქნება ჩვენი მეხუთე ძაღლი კაილოს, მედვედის, ამპიკისა და მოლის შემდეგ. მადლობა!“ - წერს სომხეთის პრემიერ-მინისტრი სოციალურ ქსელში.

როგორც გახარიამ აღნიშნა, მას უნდოდა, ფაშინიანს საქართველოდან რამე ცოცხალი წაეყვანა.