თბილისი, 4 მარტი — Sputnik. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ტედროს ადანომ გებრეისუსმა დაასახელა ის მთავარი ნიშნები, რომლებიც COVID-19-ს გრიპისგან განასხვავებს. აღნიშნული ინფორმაცია ჯანმომ საკუთარ Twitter-აკაუნტზე გამოაქვეყნა.
გებრეისუსის თქმით, COVID-19 უნიკალური ვირუსია, რომელიც არ ჰგავს ჩვეულებრივ გრიპს. თუმცა ორივე ინფექცია რესპირატორულ დაავადებას იწვევს და ერთნაირად ვრცელდება.
- პირველი განსხვავება: COVID-19 არ გადადის ისე ეფექტურად, როგორც გრიპი.
„რაც შეეხება გრიპს, ადამიანები, რომლებიც არიან ინფიცირებულები, მაგრამ არ არიან ავად, ვირუსის გადადების ძირითადი ფაქტორები არიან, რასაც ვერ ვიტყვით COVID-19-ზე“, – აცხადებს ჯანმოს ხელმძღვანელი.
- მეორე განსხვავება: COVID-19 უფრო მძიმე დაავადებას იწვევს, ვიდრე გრიპი.
„მსოფლიოში ძალიან ბევრმა ადამიანმა გამოიმუშავა იმუნიტეტი სეზონური გრიპის შტამების მიმართ, COVID-19 კი ახალი ვირუსია, რომლის წინააღმდეგაც არც ერთ ჩვენგანს არ გააჩნია იმუნიტეტი“, — განმარტა გებრეისუსმა.
- მესამე განსხვავება: COVID-19-სგან განსხვავებით, სეზონური გრიპების შეკავება შეუძლებელია.
„ჩვენ არ ვიკვლევთ კონტაქტებს სეზონური გრიპის შემთხვევაში, მაგრამ COVID-19-ის შემთხვევაში ქვეყნებმა ეს აუცილებლად უნდა გააკეთონ, რათა ინფექცია აღიკვეთოს“, — აცხადებს გებრეისუსი.
შეჯამების სახით ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელმა დაასკვნა, რომ კორონავირუს COVID-19-ს ისე არ უნდა მოვეკიდოთ, როგორც გრიპს.
ამ დროისათვის არსებული მონაცემებით, ახალი ტიპის კორონავირუსით ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა მსოფლიოს მასშტაბით 93 160 კაცს შეადგენს, საიდანაც მატერიკულ ჩინეთზე 93 160 მოდის. გარდაიცვალა 3 198 ადამიანი, გამოჯანმრთელდა და საავადმყოფოებიდან გაეწერა 50 690 პაციენტი.