რაზე ისაუბრეს ზურაბიშვილმა და ფაშინიანმა: შეხვედრის დეტალები

სალომე ზურაბიშვილმა და ნიკოლ ფაშინიანმა განიხილეს ორმხრივი ურთიერთობების და ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური კავშირების განმტკიცების აქტუალური საკითხები
Sputnik

თბილისი, 3 მარტი - Spurnik. სომხეთის პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის ვიზიტი საქართველოში ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობების კიდევ უფრო მეტ გაღრმავებას ნიშნავს, განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ფაშინიანთან შეხვედრაზე.

ფაშინიანი: საქართველოსთან ურთიერთობების გაგრძელება სტრატეგიულ ჭრილში წარმოგვიდგენია >>

სომხეთის პრემიერი ნიკოლ ფაშინიანი საქართველოს ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით 3 მარტს ეწვია. ის უკვე შეხვდა თავის ქართველ კოლეგას გიორგი გახარიას.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს პოლიტიკური და ეკონომიკური თანამშრომლობის მნიშვნელოვანი საკითხები.

პირისპირ გამართულ შეხვედრაზე აღინიშნა, რომ სომხეთის პრემიერ-მინისტრის ვიზიტი კიდევ უფრო გააძლიერებს ორ მეზობელ ქვეყანას შორის მეგობრულ კავშირებს.

„შთამბეჭდავი იყო“ – რისთვის გადაუხადა საქართველოს პრემიერმა მადლობა ფაშინიანს

„ერთად უნდა ვიზრუნოთ სტაბილურობის შენარჩუნებაზე და მშვიდობის განმტკიცებაზე“, - განაცხადა ზურაბიშვილმა.

ქვეყნებს შორის მაღალი დონის ბოლო შეხვედრა ერევანში მიმდინარე წლის თებერვლის ბოლოს გაიმართა. მაშინ საქართველოსა და სომხეთის თავდაცვის მინისტრებმა დაამტკიცეს 2020 წელს თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის პროგრამა. დოკუმენტს ხელი საქართველოს თავდაცვის მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის სომხეთში ვიზიტის ფარგლებში მოეწერა.

საქართველომ და სომხეთმა დიპლომატიური ურთიერთობა 1992 წლის 17 ივლისს დაამყარეს. მხარეები სხვადასხვა მიმართულებით თანამშრომლობენ. ყველაზე ინტენსიურია თანამშრომლობა ვაჭრობის სფეროში. ქვეყნებს შორის თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმი მოქმედებს, სომხეთი საქართველოს ძირითადი სავაჭრო პარტნიორების ათეულში შედის.