ოპერისა და ბალეტის თეატრში მარტში დაგეგმილი სპექტაკლები გადაიდო

ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით უწყებათშორისმა საკოორდინაციო საბჭომ გასცა რეკომენდაცია საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ხალხმრავალი ღონისძიებების გაუქმების შესახებ.
Sputnik

თბილისი, 3 მარტი – Sputnik. კორონავირუსის ინფექციის (COVID-19) შესაძლო გავრცელების პრევენციასთან დაკავშირებით თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში მარტის თვეში დაგეგმილი სპექტაკლები გადატანილია, ნათქვამია თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის განცხადებაში.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, განახლებული განრიგის შესახებ ინფორმაციას საზოგადოებას უახლოეს დღეებში მიაწვდიან, ხოლო ნაყიდი ბილეთებით სარგებლობა შესაძლებელი იქნება სპექტაკლის გადატანილ თარიღზე.

კორონავირუსის საფრთხის გამო თბილისის ხელოვნების სასახლე მნახველებს დროებით აღარ მიიღებს>>

„ვისაც სურვილი აქვს მარტის თვის სპექტაკლებზე შეძენილი ბილეთები დააბრუნოს, ნაყიდი ბილეთების თანხას ოპერის სალაროში აუნაზღაურებს ოპერის თეატრი, ხოლო ონლაინ ნაყიდი ბილეთებისას – www.tkt.ge“, – აღნიშნულია განცხადებაში.

ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით უწყებათშორისმა საკოორდინაციო საბჭომ გასცა რეკომენდაცია საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ხალხმრავალი ღონისძიებების გაუქმების შესახებ.

კორონავირუსი საქართველოში: სკოლებში ვადამდელი არდადეგები დაიწყო

საქართველოს ხელისუფლებამ ქვეყნის საბავშვო ბაღებსა და სკოლებში სასწავლო-აღმზრდელობითი პროცესის გადატანის გადაწყვეტილება მიიღო. საგაზაფხულო არდადეგები 9 მარტის ნაცვლად  2 მარტს დაიწყო და  16 მარტს დასრულდება. მას შემდეგ, რაც ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების მესამე შემთხვევა დაფიქსირდა, ჯანდაცვის სამინისტრომ სასწავლო დაწესებულებებს დეზინფექციის ჩატარების რეკომენდაცია მისცა.

ზოგიერთი უწყება, უმაღლესი სასწავლებელი, კომპანია და ორგანიზაცია მუშაობის დისტანციურ მოდელზე გადავიდა.

3 მარტისთვის საქართველოში კორონავირუსი სამ ადამიანს დაუფიქსირდა – ირანიდან დაბრუნებულ ორ მამაკაცს და იტალიიდან დაბრუნებულ ახალგაზრდა ქალს.