ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებულ განყოფილებაში ხუთი ახალი პაციენტი შეიყვანეს

ამ დროისათვის კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით მოწყობილ საკარანტინო სივრცეებში სულ 150-მდე ადამიანი რჩება
Sputnik

თბილისი, 3 მარტი - Sputnik. ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებულ განყოფილებაში ხუთი ახალი პაციენტი შეიყვანეს, იუწყება ტელეკომპანია Rustavi2 ინფექციურ საავადმყოფოსთან ბოქსირებული განყოფილების უფროსის მარინა ენდელაძის განცხადებაზე დაყრდნობით.

ენდელაძის განცხადებით, ამ დროისთვის კორონავირუსით დაინფიცირებულთა რაოდენობა ისევ უცვლელი რჩება, ბოქსირებულ განყოფილებაში კი 28 პაციენტი იმყოფება.

„ჯერჯერობით, რაც ჩატარდა გამოკვლევა, გარდა დაფიქსირებული სამისა, დადებითი არცერთი არ ყოფილა. ყველას პასუხი არის უარყოფითი“, - განაცხადა ენდელაძემ.
საქართველოს პორტები: კორონავირუსი ვერ გაიმარჯვებს

მისი თქმით, ამ დროისთვის ლუგარის ლაბორატორიაში 11 პაციენტის ანალიზია გადაგზავნილი, რომელზეც პასუხი, სავარაუდოდ, შუაღამით იქნება.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სამი შემთხვევა ფიქსირდება. ყველა დაავადებული საქართველოს მოქალაქეა, რომელიც ირანიდან ან იტალიიდან ჩამოვიდა. ისინი ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებულ განყოფილებაში რჩებიან და თავს კარგად გრძნობენ.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ამ დროისათვის კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით მოწყობილ საკარანტინო სივრცეებში სულ 150-მდე ადამიანი რჩება.