COVID-19 - ბოლო ცნობები

ბოლო მონაცემები საქართველოში კორონავირუსის შესახებ: კარანტინში 150-მდე ადამიანი რჩება

ამირან გამყრელიძის განცხადებით, ბოლო ორი დღის განმავლობაში კორონავირუსის ახალი შემთხვევა ქვეყანაში არ დადასტურებულა.
Sputnik

თბილისი, 3 მარტი — Sputnik. ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით მოწყობილ საკარანტინო სივრცეებში, დღევანდელი მონაცემებით, 150-მდე ადამიანი იმყოფება, იუწყება დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი. 

„დაკვირვების ქვეშ იმყოფება 150-მდე ადამიანი. როგორც მოგხსენებათ, ისინი განთავსებული არიან სხვადასხვა საკარანტინო სივრცეებში. ეს გახლავთ აბასთუმანი, საჩხერე, ტუბ-საავადმყოფოს ცენტრალური ბავშვთა განყოფილება, „ვივამედი“. ასევე იღებს საკარანტინოდ და შესაძლებელია გარკვეულად მონიტორინგი გორის სამხედრო ჰოსპიტალში და ცენტრალურ რესპუბლიკურ საავადმყოფოში. შესაძლო ნიშნებით, კლინიკური სიმპტომებით ინფექცურ საავადმყოფოში 29 პაციენტი გახლავთ მოთავსებული, 5 – სეფსისის ცენტრში და 7 – ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში“, – განაცხადა დაავადებათა კონტროლისა და ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ.

ოპერისა და ბალეტის თეატრში მარტში დაგეგმილი სპექტაკლები გადაიდო

მისი თქმით, თებერვლის დასაწყისიდან ქვეყანაში დაფიქსირებული იყო 217 შესაძლო შემთხვევა, რომელთაგანაც ლაბორატორიულად მხოლოდ 3 დადასტურდა.

„ბოლო ორი დღის განმავლობაში ახალი შემთხვევა ქვეყანაში აღარ დაფიქსირებულა. სამივე ავადმყოფი, რომლებიც მოთავსებული არიან ცენტრალური ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებულ განყოფილებაში, თავს გრძნობს კარგად. მხოლოდ ერთთან არის მცირედი სიმპტომები. ზოგადი კლინიკურ მდგომარეობა სამივე ავადმყოფის გახლავთ დამაკმაყოფილებელი", – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

კორონავირუსის გავრცელების საშიშროების გამო საქართველოს ხელისუფლებამ ქვეყნის საბავშვო ბაღებსა და სკოლებში სასწავლო-აღმზრდელობითი პროცესის გადატანის გადაწყვეტილება მიიღო. საგაზაფხულო არდადეგები 9 მარტის ნაცვლად დაიწყება 2 მარტს და დასრულდება 16 მარტს. მას შემდეგ, რაც ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების მესამე შემთხვევა დაფიქსირდა, ჯანდაცვის სამინისტრომ სასწავლო დაწესებულებებს დეზინფექციის ჩატარების რეკომენდაცია მისცა.

ბრძოლა კორონავირუსის წინააღმდეგ: საქართველოში სპეციალური ვებ-გვერდი შეიქმნა

ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით უწყებათშორისმა საკოორდინაციო საბჭომ ასევე გასცა რეკომენდაცია საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ხალხმრავალი ღონისძიებების გაუქმების შესახებ.

ზოგიერთი უწყება, კომპანია და ორგანიზაცია მუშაობის დისტანციურ მოდელზე გადავიდა.

ამ დროისათვის არსებული მონაცემებით, მსოფლიოს მასშტაბით კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 90 936 ადამიანს მიაღწია. აქედან ჩინეთზე 80 151 შემთხვევა მოდის. ინფიცირებულთა რაოდენობის მხრივ მეორე ადგილზეა სამხრეთ კორეა (4 812 კაცი), მესამეზე ირანი (1501), ხოლო მეოთხეზე იტალია (2036). სულ ინფიცირებულთაგან გარდაიცვალა 3 117 ადამიანი, გამოჯანმრთელდა და საავადმყოფოებიდან გაეწერა 47 995 პაციენტი.