დასახელდა ახალი განსხვავება ქალისა და მამაკაცის გულებს შორის: ამერიკული კვლევა

მეცნიერები დიდი ხანია ცდილობენ გაიგონ, რას უკავშირდება განსხვავებები მამაკაცისა და ქალის სხეულების, ფსიქიკისა და ცნობიერების მოწყობაში.
Sputnik

თბილისი, 3 მარტი — Sputnik. მამაკაცის გული ქალის გულისგან განსხვავებულად მუშაობს, ასკვნიან ამერიკელი კარდიოლოგები, რომელთა სამეცნიერო სტატიაც ჟურნალ Radiology: Cardiothoracic Imaging-ში გამოქვეყნდა. 

შექმნილია უნიკალური კბილის პასტა გულის შეტევის თავიდან ასაცილებლად

აღსანიშნავია, რომ მეცნიერები დიდი ხანია ცდილობენ გაიგონ, რას უკავშირდება განსხვავებები მამაკაცისა და ქალის სხეულების, ფსიქიკისა და ცნობიერების მოწყობაში. ბევრი მკვლევარი მიიჩნევს, რომ ეს ევოლუციური და ფიზიოლოგიური მიზეზებითაა განპირობებული. მათი ოპონენტების აზრით კი, ეს განსხვავებები გოგონებისა და ბიჭების აღზრდისა და საზოგადოებაში მათი როლის თავისებურებებით აიხსნება.

ბოლო წლების განმავლობაში ბიოლოგებმა, ფსიქოლოგებმა თუ ნეიროფიზიოლოგებმა პირველი თეორიის სასარგებლოდ არაერთი არგუმენტი აღმოაჩინეს. კერძოდ, შვიდი წლის წინ ამერიკელმა მეცნიერებმა დაადგინეს, რომ მამაკაცის ტვინის ზოგი ნაწილი სიგნალებს ისე არ ცვლის, როგორც ამას ქალის ტვინის ანალოგიური უბნები აკეთებს. მოგვიანებით ექსპერიმენტატორებმა აღმოაჩინეს, რომ ქალები და მამაკაცები სხვადასხვაგვარად რეაგირებენ ტკივილზე. ამასთან, სუსტი სქესის დღეგრძელობა ევოლუციური მიზეზებით ახსნეს. 

მხოლოდ ქალებისთვის დამახასიათებელი სიმპტომები გულის შეტევის წინ

რაც შეეხება ორი სქესის გულებს, სწავლულებმა დიდი ხანია იციან, რომ ისინი ერთმანეთისგან განსხვავდებიან ზომით, პულსის სიხშირითა და სხვა პარამეტრებით. თუმცა ამერიკელმა კარდილოგებმა ახლა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი განსხვავება აღმოაჩინეს.  

ექსპერიმენტით დადგინდა, რომ ქალის გულის მარცხენა პარკუჭის კედელი უფრო მეტად იძაბება შეკუმშვის დროს და უფრო მეტი სისხლნაკადიც წარმოიქმნება, ვიდრე მამაკაცებში. ეს ხდება მიუხედავად იმისა, რომ მამაკაცის გულის კუნთი უფრო მეტ ენერგიას ხარჯავს შეკუმშვისას, ვიდრე ქალისა.

მკვლევარების აზრით, სწორედ ამ შეუსაბამობებით აიხსნება ის, თუ რატომ ავადდებიან ქალები და მამაკაცები გულისა და სისხლძარღვების დაავადებებით სხვადასხვა სიხშირით.  

მეცნიერებს იმედი აქვთ, რომ შემდგომი კვლევებით ასევე მოუძებნიან ახსნას, თუ რატომ მუშაობს სუსტი სქესის წარმომადგენლების გული ნაკლებად ეფექტურად და რატომ სცემს ის უფრო ხშირად, ვიდრე მამაკაცის გული.