ნიკოლოზ ბასილაშვილმა ATP-ს რეიტინგში პოზიციები გაიუმჯობესა

წლის დასაწყისიდან ქართველმა ჩოგბურთელმა ტურნირებზე 343 ათასი დოლარი გამოიმუშავა - გაიმარჯვა რვა შეხვედრიდან სამ მატჩში
Sputnik

თბილისი, 2 მარტი — Sputnik. მიუხედავად ATP 500-ის ტურნირზე დუბაიში წარუმატებელი გამოსვლისა, ქართველმა ჩოგბურთელმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა თავისი პოზიციები პროფესიონალ ჩოგბურთელთა ასოციაციის (ATP) რეიტინგში ორი საფეხურით გაიუმჯობესა და 27-ე ადგილი დაიკავა.

ნიკოლოზ ბასილაშვილმა დუბაის ტურნირი ლამაზი გამარჯვებით დაიწყო

ცვლილებები შეეხო ლიდერთა პირველ ხუთეულსაც. როჯერ ფედერერი სამეულიდან გამოვარდა, მისი ადგილი კი ავსტრიელმა დომინიკ ტიმმა დაიკავა. პირველ ადგილზეა სერბი ჩოგბურთელი ნოვაკ ჯოკოვიჩი 10330 ქულით, მას 9850 ქულით რაფაელ ნადალი მოსდევს.

2020 წლის ორ თვეში ბასილაშვილმა ავსტრალიის, როტერდამისა და დუბაის ტურნირებში მიიღო მონაწილეობა, გამართა რვა შეხვედრა და აქედან სამში გაიმარჯვა. რაც შეეხება საპრიზოს, ქართველმა ჩოგბურთელმა 343 ათასზე მეტი დოლარი გამოიმუშავა.

თავისი კარიერის განმავლობაში ბასილაშვილმა 5,5 მლნ დოლარი გამოიმუშავა.