აზერბაიჯანის მოქალაქე საქართველოში მაღალი სიცხის გამო არ შემოუშვეს

აზერბაიჯანის მოქალაქეს, რომელიც საქართველოში ბინადრობს, საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის გადმოკვეთისას მაღალი ტემპერატურა დაუფიქსირდა
Sputnik

თბილისი, 2 მარტი — Sputnik. საქართველო-აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვარზე, ლაგოდეხის სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე, აზერბაიჯანის ერთ მოქალაქეს საქართველოში შემოსვლის უფლება არ მისცეს, იუწყება ტელეკომპანია Rustavi2.

„მაღალი ტემპერატურა ჰქონდა, რის გამოც საზღვრის გადმოკვეთის უფლება არ მივეცით. ის არ არის საქართველოს მოქალაქე, მხოლოდ ბინადრობის უფლებით მოსარგებლეა. ამიტომ დაბრუნდა უკან“, - განაცხადა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრის ლაგოდეხის სამსახურის უფროსმა მაკა ხმალაძემ.

ტელეკომპანიის ცნობით, დაავადებათა კონტროლისა და ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილება საგანგებო რეჟიმში მუშაობს.

დეპუტატებს შეუძლიათ, მშვიდად იყვნენ - პარლამენტის შენობას დეზინფექცია ჩაუტარდა

საქართველოში ახალი კორონავირუსის შესაძლო გავრცელების პრევენციის მიზნით სახმელეთო სასაზღვრო-გამშვებ პუნქტებსა და სამივე აეროპორტში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საველე კარვები დამონტაჟდა, სადაც  ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ მაღალი რისკის ზონებად განსაზღვრული ქვეყნებიდან შემოსული მგზავრები თერმოსკრინინგისა თუ სხვა შესაბამისი პროცედურების გავლის შემდეგ, მოსაცდელი დარბაზის ნაცვლად  განთავსდებიან. კარავში მუდმივად იმორიგევებს სამედიცინო პერსონალი.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსით დაინფიცირების სამი შემთხვევა გამოვლინდა. აქედან ორი მამაკაცი ირანიდან ჩამოვიდა, ხოლო ერთი ქალი - იტალიიდან

ბოლო მონაცემებით, დღეისათვის მთელი მსოფლიოს მასშტაბით ახალი ტიპის კორონავირუსით, COVID 2019-ით დაავადებულთა საერთო რაოდენობა 89 074 კაცს შეადგენს, აქედან ჩინეთზე 80 026 ინფიცირებული მოდის. გარდაიცვალა 3048 ადამიანი, გამოჯანმრთელდა და საავადმყოფოებიდან გაეწერა 45 110 პაციენტი.