თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში ამ დროისთვის 27 პაციენტი რჩება

ირანის ორი და საქართველოს ერთი მოქალაქე ვირუსული ინფექციის ნიშნებით ხაშურის საავადმყოფოდან გორის სამხედრო ჰოსპიტალში საღამოს გადაიყვანეს.
Sputnik

თბილისი, 2 მარტი — Sputnik. თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში ამ დროისთვის 27 პაციენტი რჩება, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, ინფექციურ საავადმყოფოში კიდევ 13 პაციენტი შეიყვანეს, რომელთაც სინჯი უკვე აუღეს. ტესტის პასუხები ხვალ დილისთვის გახდება ცნობილი. როგორც ეზუგბაია აცხადებს, ყველა მათგანი საქართველოს მოქალაქეა.

„ამ ეტაპზე გვყავს 27 პაციენტი. დილით აღებული იქნა რვა პაციენტზე ტესტირება კორონავირუსზე და მიღებულია რვავესთან უარყოფითი პასუხი. რვა პაციენტის მერე შემოვიდა კიდევ 13 პაციენტი და ამ პაციენტებს ახლა აუღებენ ანალიზს. დილისკენ გვეცოდინება მათი პასუხი", - განაცხადა ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ.

„თბილისი ენერჯი“ კორონავირუსის გამო მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადადის

მისი თქმით, დღეს შემოყვანილი პაციენტები საქართველოს მოქალაქეები არიან. ერთი მათგანი ირანიდან არის შემოსული, დანარჩენები კი იტალიიდან.  რაც შეეხება იმ სამ პაციენტს, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდათ, მათი მდგომარეობა  სტაბილურია და დაავადების პროგრესირება არ ვლინდება.

ეზუგბაიას თქმით, იმ რვა პაციენტს, რომელთაც ახალი კორონავირუსი არ დაუდასტურდათ, რესპუბლიკური საავადმყოფოს საკარანტინო სივრცეში გადაიყვანენ.

ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკის (რესპუბლიკური საავადმყოფო) კლინიკური დირექტორის, ლევან გოფოძის ცნობით, რესპუბლიკურ საავადმყოფოში, სადაც საკარანტინო სივრცეა მოწყობილი, ამ დროისთვის 18 პირი იმყოფება. მათგან 16 პაციენტი საქართველოს, ხოლო ორი აზერბაიჯანის მოქალაქეა.

„ყველას ზოგადი მდგომარეობა არის დამაკმაყოფილებელი. ტემპერატურული რეაქცია შეიძლება ითქვას, დაახლოებით 37 გრადუსამდე მხოლოდ ორ პაციენტს აღენიშნა.  არ გვყავს არც ერთი ინფიცირებული პაციენტი, მაგრამ რადგან ამ დაავადების მართვა მოითხოვს კარანტინს, ეპიდემიოლოგიური ღონისძიებების გატარებას, ამიტომაც ისინი დარჩებიან ჩვენთან იმდენ ხანს, რამდენსაც ჩვენი ეპიდემიოლოგიური სამსახური გადაწყვეტს“, – განაცხადა ლევან გოფოძემ.

ბათუმში საბავშვო ბაღებსა და საზოგადოებრივ ტრანსპორტს დეზინფექცია უტარდება

კორონავირუსთან დაკავშირებით ქვეყნის მასშტაბით სულ 6 საკარანტინო ზონაა მოწყობილი. 26 პირია მოთავსებული აბასთუმანში, 31 ადამიანი იყო საჩხერის საკარანტინო ზონაში, თუმცა 5 პირი სახლში გაწერეს და თვითიზოლაციის რეკომენდაცია მისცეს. დანარჩენები კარანტინს 6 მარტს დატოვებენ. საკარანტინო ზონაა გორის სამხედრო ჰოსპიტალში, სადაც ამ ეტაპზე 4 პაციენტია, მათგან 3 სამხედრო მოსამსახურე. ისინი ბოლო დროს იტალიაში მოგზაურობდნენ.

2 მარტის მდგომარეობით საქართველოში კორონავირუსით დაინფიცირების სამი შემთხვევა გამოვლინდა. აქედან ორი მამაკაცი ირანიდან ჩამოვიდა, ხოლო ერთი ქალი - იტალიიდან.

საქართველოს ხელისუფლებამ ქვეყნის სკოლებსა და საბავშვო ბაღებში სასწავლო-სააღმზრდელო პროცესის გადატანა გადაწყვიტა. საგაზაფხულო არდადეგები სკოლებსა და საბავშვო ბაღებში არა 9 მარტს, არამედ დღეს, 2 მარტს დაიწყო. მას შემდეგ, რაც საქართველოში კორონავირუსის მესამე შემთხვევა დაფიქსირდა, ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციით, სასწავლო დაწესებულებებში სადეზინფექციო სამუშაოები მიმდინარეობს.

კორონავირუსი საქართველოში: ხალხმრავალი ღონისძიებები უქმდება>>

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს რეკომენდაციაა, რომ ვირუსის გავრცელების თავიდან ასაცილებლად გაუქმდეს ღონისძიებები, რომლებიც ადამიანების მასობრივ თავშეყრას ითვალისწინებს.