თბილისი, 2 მარტი — Sputnik. კორონავირუსის გავრცელების საფრთხიდან გამომდინარე, ოპოზიცია 4 აპრილისთვის დაგეგმილი საპროტესტო აქციის გადადებას არ გამორიცხავს.
როგორც ჟურნალისტებთან პარტია „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა სერგი კაპანაძემ განაცხადა, საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის და იგი ქვეყანაში შექმნილ ვითარებაზე იქნება დამოკიდებული.
„ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ კორონავირუსის გამო თუ ქვეყანაში ვითარება გაუარესდება და არ დასტაბილურდება, ჩვენ 4 აპრილს დაგეგმილი აქციის გადადების საკითხს გადავხედავთ, რათა ჩვენს მოქალაქეებს საფრთხე არ შევუქმნათ“, - განაცხადა კაპანაძემ ოპოზიციური პარტიების ლიდერების შეხვედრის შემდეგ.
პარტია „ერთიანი საქართველოს“ ლიდერი ნინო ბურჯანაძე კოლეგის მოსაზრებას იზიარებს და აცხადებს, რომ ოპოზიცია ვითარების შესაბამისად იმოქმედებს.
„4 აპრილს დაგეგმილი საპროტესტო აქციასთან დაკავშირებით ჩვენ ვითარების შესაბამისად ვიმოქმედებთ. თუ პანდემიის გავრცელების საფრთხე იქნება, აქციას გადავიტანთ. თუ ამ დროში ასეთი პრობლემა არ იქნება, მაშინ აქციას გავმართავთ“, - განაცხადა ბურჯანაძემ.
ოპოზიციამ მასობრივი საპროტესტო აქცია „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, თბილისის ყოფილი მერის გიგი უგულავას დაპატიმრების შემდეგ დააანონსა, რომელსაც საბიუჯეტო თანხების გაფლანგვა ედება ბრალად. ამის საპასუხოდ ოპოზიციამ საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით არამარტო უარი განაცხადა მმართველ პარტიასთან მოლაპარაკებების გაგრძელებაზე, არამედ სამოქალაქო დაუმორჩილებლობა და საპროტესტო აქციების დაწყება დააანონსა.