თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში მოთავსებულ რვა პაციენტს კორონავირუსი არ აღმოაჩნდა

ინფექციურ საავადმყოფოში მოთავსებული ყველა პაციენტი, რომლებიც ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებიან, იტალიაში ან ირანში მყოფი საქართველოს მოქალაქეები არიან.
Sputnik

 

თბილისი, 2 მარტი — Sputnik. თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში მოთავსებულ რვა პაციენტს კორონავირუსი არ დაუდასტურდა, კიდევ რვა პაციენტის ტესტის პასუხები დღის განმავლობაში გახდება ცნობილი, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი

ილია მეორე: ხილვა მქონდა - ადამიანი გაიმარჯვებს კორონავირუსზე

ამ დროისთვის თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში სულ 19 პაციენტი იმყოფება, მათ შორის საქართველოს სამი მოქალაქე, რომელთაც რამდენიმე დღის წინ კორონავირუსი დაუდგინდათ.

გამომდინარე იქიდან, რომ რვა პაციენტს, რომელთა ანალიზის პასუხები უკვე ცნობილია, არ დაუდგინდათ არც კორონავირუსი და არც А ან В ტიპის გრიპი, მათ საკარანტინო ზონაში გადაიყვანენ.

რაც შეეხება დანარჩენ რვა პაციენტს, რომლებიც ბოქსირებულ განყოფილებაში იმყოფებიან, მათი ანალიზის პასუხები დღის ბოლომდე იქნება ცნობილი.

ინფექციურ საავადმყოფოში მოთავსებული ყველა პაციენტი საქართველოს მოქალაქეა, რომლებიც იტალიაში ან ირანში იმყოფებოდნენ.

ამასთან, ერთი მგზავრი, რომელიც ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში რომიდან ჩაფრინდა, შემდგომი მეთვალყურეობის მიზნით ადგილობრივ ინფექციურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. მას არ აღენიშნებოდა მაღალი ტემპერატურა, თუმცა  მისი ანამნეზისა და ისტორიიდან გამომდინარე, ექიმებმა მისი კლინიკაში მოთავსების გადაწყვეტილება მიიღეს.

ქუთაისი-რომის რეისით სულ 122 ადამიანი ჩამოვიდა. მგზავრების განცხადებით, ყველა მათგანმა რომიდან გამოფრენის წინ გაიარა სამედიცინო შემოწმება. მათი სიტყვებით, იტალიაში ისეთი პანიკა არ არის, როგორიც საქართველოში შეიმჩნევა.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სამი შემთხვევა ფიქსირდება. ყველა დაავადებული საქართველოს მოქალაქეა, რომელიც ირანიდან ან იტალიიდან ჩამოვიდა. 

კორონავირუსის პროფილაქტიკისთვის საქართველოს სკოლებში დეზინფექცია ტარდება

საქართველოს ხელისუფლებამ ქვეყნის საბავშვო ბაღებსა და სკოლებში სასწავლო-აღმზრდელობითი პროცესის გადატანის გადაწყვეტილება მიიღო. საგაზაფხულო არდადეგები 9 მარტის ნაცვლად დაიწყება 2 მარტს და დასრულდება 16 მარტს. მას შემდეგ, რაც ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების მესამე შემთხვევა დაფიქსირდა, ჯანდაცვის სამინისტრომ სასწავლო დაწესებულებებს დეზინფექციის ჩატარების რეკომენდაცია მისცა.

ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ გასცა რეკომენდაცია საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ხალხმრავალი ღონისძიებების გაუქმების შესახებ.

2 მარტის მონაცემებით, მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა  რიცხვმა 87 161 ადამიანს მიაღწია. მატერიკულ ჩინეთში კორონავირუსით ინფიცირების დადასტურებული შემთხვევების რიცხვმა 80 026-ს მიაღწია, მათგან 2 912 გარდაიცვალა, 44 462 - გამოჯანმრთელდა და კლინიკებიდან გაეწერა. 

ბოლო 24 საათში მთელ ქვეყანაში  202  ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, საავადმყოფოდან გამოეწერა 2 837 ადამიანი, დაიღუპა 42 ადამიანი.
გასულ დღე-ღამეში ჩინეთის ფარგლებს გარეთ  კორონავირუსის  1 160 შემთხვევა  დაფიქსირდა, ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 7 169-ს მიაღწია.  ახალი კორონავირუსი მსოფლიოს 58 ქვეყანაში დაფიქსირდა. ლეტალური შემთხვევების რიცხვმა 104-ს (18  დღე-ღამეში).