თბილისი, 1 მარტი — Sputnik. პოპულარული საქსოფონისტის, ჯიმი საქსის კონცერტი, რომელიც თბილისში 8 მარტს იყო დაგეგმილი, ქვეყანაში კორონავირუსის შემთხვევების გამოვლენის გამო გადაიდო და 3 მაისს ჩატარდება.
საქართველოს უნივერსიტეტებსა და კერძო სკოლებში სწავლა გადაიდო >>
ხუთშაბათს ორგანიზატორმა დავით ფანიაშვილმა განაცხადა, რომ მუსიკოსის კონცერტი გადაიდო და თარიღთან დაკავშირებით მოლაპარაკებები მიმდინარეობს.
„გაცნობებთ, რომ საქართველოში დაფიქსირებული კორონავირუსის არა ერთი შემთხვევისა და მოცემულ დროს მისი ხალხმრავალ ადგილას გავრცელების მაღალის რისკის საფუძველზე, სტუმრების და არტისტების უსაფრთხოების გამო, ჯიმი საქსის შოუ გადაიდო და იგი ჩატარდება 2020 წლის 3 მაისს. ვადასტურებთ, რომ ღონისძიების ადგილმდებარეობა, არტისტების ვინაობა და ბილეთის საფასური რჩება უცვლელი“, - ნათქვამია ღონისძიების ორგანიზატორების განცხადებაში.
ჯიმი საქსი (ნამდვილი სახელი ჯიმ როულენდი) - ქარიზმატული საქსოფონისტი, რომელიც ასრულებს ფრისტაილ ჰაუსის, დიპ-, ფანკ- და ელექტროსტილის მუსიკას. ბოლო ოთხ წელიწადში არტისტმა ათასობით შოუ გამართა სენ-ტროპეში, კანში, მაიამიში, დუბაიში, პარიზში, მონაკოში, ნიუ-დელიში, კაპრიში, კანკუნში და მსოფლიოს სხვა ქალაქებში.
მისი ოფიციალური Youtube-არხის გამომწერი თითქმის 400 ათასი მომხმარებელია.
ჯიმი საქსი ასევე მუსიკალური პროექტ The Durden Theory-ს პროდიუსერი და ვოკალისტია, რომელსაც ცნობილია ევროპაში შთამბეჭდავი ცოცხალი შესრულებით.
თავისი შემოქმედებითი კარიერის განმავლობაში საქს პარტნიორობას უწევდნენ ასობით საუკეთესო დიჯეები, მუსიკოსები და შემსრულებლები. მათ შორის - დევიდ გეტა, ბობ სინკლერი, გლორია გეინორი, ქუინსი ჯონსი, ჯონ ლეჯენდი, Earth Wind & Fire და სხვ.