საპატრიარქო: „ზიარებისთვის ერთი კოვზის გამოყენების პრაქტიკა ათასწლოვან ისტორიას ითვლის...“

საპატრიარქო განმარტავს, რომ ინტერნეტში გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს რუმინეთის ეკლესიამ, კორონავირუსისაგან თავდაცვის მიზნით, ზიარებისათვის ერთჯერადი კოვზების გამოყენების ნებართვა გასცა, სიმართლეს არ შეესაბამება
Sputnik

თბილისი, 1 მარტი — Sputnik. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესი და უნეტარესი ილია II-ის კურთხევით, კვირას, პირველ მარტს, შენდობის ლოცვის წაკითხვის შემდეგ, ყველა ეკლესიაში შედგება ტაძრის გარშემო ლიტანიობა, ნაკურთხი წყლის სხურება და ხალხის დალოცვა, იუწყება პირველი არხი საქართველოს საპატრიარქოს განცხადებაზე დაყრდნობით.

„თბილისის ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძარში შენდობის ლოცვის მსახურება დაიწყება საღამოს, 18:00 საათზე; მისი დასრულების შემდეგ კი კმევით, სახარების, ჯვრების, ხატების შემოტარებით აღესრულება ლიტანიობა და ნაკურთხი წყლით ხალხის დალოცვა“, – აღნიშნულია საპატრიარქოს განცხადებაში.

ჩინეთში კორონავირუსით დაავადებულთა ნახევარზე მეტი გამოჯანმრთელდა

საპატრიარქო ასევე გამოეხმაურა ინტერნეტში გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს რუმინეთის ეკლესიამ, კორონავირუსისაგან თავდაცვის მიზნით, ზიარებისათვის ერთჯერადი კოვზების გამოყენების ნებართვა გასცა.

„გადამოწმდა და, როგორც მოსალოდნელი იყო, სიმართლე არ აღმოჩნდა. ზიარებისთვის ერთი კოვზის გამოყენების პრაქტიკა ათასწლოვან ისტორიას ითვლის. ამ ხნის მანძილზე არაერთხელ ჰქონდა ადგილი სხვადასხვა სახის სიცოცხლისათვის საშიში ინფექციის გავრცელებას. ასეთ პერიოდებში მართლმადიდებელი მორწმუნენი არათუ უშინდებოდნენ საერთო ბარძიმიდან საერთო კოვზით ზიარებას, პირიქით, კიდევ უფრო ხშირად მიეახლებოდნენ ამ სიწმინდეს, რადგან, როგორც ყველამ ვიცით, წმინდა ზიარებისას ადამიანი იღებს ქრისტეს წმინდა სისხლსა და ხორცს, – განმწმენდელსა და მაკურნებელს სულისა და ხორცისა“, - ნათქვამია განცხადებაში.

2019 წლის 31 დეკემბერს ჩინეთის ხელისუფლებამ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას ქალაქ უჰანში უცნობი პნევმონიის აფეთქების შესახებ შეატყობინა. სპეციალისტებმა დაადგინეს, რომ დაავადების გამომწვევი ახალი ტიპის კორონავირუსი იყო. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ საერთაშორისო მნიშვნელობის საგანგებო სიტუაცია გამოაცხადა და დაავადებას ოფიციალური სახელწოდება დაუდგინა – COVID-2019.

ტომ კრუზი იტალიაში კარანტინში მოათავსეს >>

ჯანმოს ბოლო მონაცემებით, მთელი მსოფლიოს მასშტაბით კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 85,4 ათასს აჭარბებს, დაავადება 53 ქვეყანაში ფიქსირდება. ჩინეთის ფარგლებს გარეთ გარდაცვლილია 86 ადამიანი, აქედან 19 - გასულ დღე-ღამეში.

რაც შეეხება საქართველოს, ქვეყანაში კორონავირუსი სამ ადამიანს გამოუვლინდა. სამივე პირი საქართველოს მოქალაქეა, რომელიც იტალიიდან ან ირანიდან დაბრუნდა.