გამყრელიძე: ლუგარის ცენტრიდან 24 ნიმუშის პასუხს ველოდებით

გუშინ აღებული 37 სინჯიდან ყველა შემთხვევაში პასუხი უარყოფითი იყო, განაცხადა დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ
Sputnik

თბილისი, 1 მარტი - Sputnik. დღეს ლუგარის ცენტრიდან კორონავირუსზე აღებული 24 ნიმუშის პასუხს ველოდებით, განუცხადა ჟურნალისტებს დაავადებათა კონტროლისა და ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ.

საქართველოში კორონავირუსის იდენტიფიცირება მხოლოდ ლუგარის ცენტრშია შესაძლებელი.

„საქართველოში დღევანდელი დღით გვაქვს 130 შესაძლო შემთხვევა გამოკვლეული და 3 დადასტურებული. გუშინ დამატებით იქნა გამოკვლეული 37 შემთხვევა. ყველა გახლდათ უარყოფითი“, - განაცხადა გამყრელიძემ.

დღეს კი ლუგარის ცენტრში ახალი ნიმუშებია გადაგზავნილი, რომელთა პასუხები დღის განმავლობაში გახდება ცნობილი.

„დღეს კიდევ ლუგარის ცენტრში გადაგზავნილია თბილისის ცენტრალური ინფექციური საავადმყოფოდან და ასევე დასავლეთ საქართველოს ინფექციური საავადმყოფოებიდან 24 ნიმუში, რომელთა პასუხი იქნება დღის განმავლობაში“, - განაცხადა გამყრელიძემ.
თბილისში კორონავირუსის გამო საზოგადოებრივი ტრანსპორტის დეზინფექცია ტარდება - ვიდეო

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სამი შემთხვევა დაფიქსირდა. ყველა დაავადებული საქართველოს მოქალაქეა და უცხოეთიდან არის ჩამოსული. ორი მამაკაცი ირანშია ნამყოფი, ხოლო 31 წლის ქალი - იტალიაში.

„სამივე გადის დაკვირვებასა და მკურნალობას ინფექციურ საავადმყოფოს ბოქსირებულ განყოფილებაში. მათი კლინიკური მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია“, - განაცხადა გამყრელიძემ.

2019 წლის 31 დეკემბერს ჩინეთის ხელისუფლებამ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას ქალაქ უჰანში უცნობი პნევმონიის აფეთქების შესახებ შეატყობინა. სპეციალისტებმა დაადგინეს, რომ დაავადების გამომწვევი ახალი ტიპის კორონავირუსი იყო. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ საერთაშორისო მნიშვნელობის საგანგებო სიტუაცია გამოაცხადა და დაავადებას ოფიციალური სახელწოდება დაუდგინა – COVID-2019.