არჩევნები 2020: „ქართული ოცნება“ და ოპოზიცია მოლაპარაკებას ცდილობენ

არჩევნებამდე რვა თვეზე ნაკლები დრო რჩება, ხელისუფლება და ოპოზიცია კი ვერ თანხმდებიან იმაზე, თუ რომელი სისტემით უნდა ავირჩიოთ პარლამენტის დეპუტატები
Sputnik

თბილისი, 29 თებერვალი — Sputnik. საერთაშორისო პარტნიორების ზეწოლით ოპოზიციურმა პარტიებმა და მმართველმა ძალამ „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ საარჩევნო სისტემის საკითხზე არაფორმალურ ფორმატში მოლაპარაკებები განაახლეს.

დრო იწურება: საქართველოს ხელისუფლება ოპოზიციას მარტამდე უნდა მოელაპარაკოს >>

გასული წლის ნოემბერში საკონსტიტუციო ცვლილების ჩაშლის და მასობრივი პროტესტის დაწყების შემდეგ 30-ზე მეტი ოპოზიციური პარტია და „ქართული ოცნება“ მოლაპარაკებათა მაგიდას მიუსხდნენ.

გადაწყვეტილება მიღებულია – გიორგი მარგველაშვილი აქტიურ პოლიტიკაში ბრუნდება

მოქმედი კონსტიტუცია ითვალისწინებს საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას შერეული სისტემით, რომლის თანახმადაც, 150-დან 73 დეპუტატი ერთმანდატიან ოლქებში აირჩევა, დანარჩენი კი - პროპორციული სისტემით, მინიმალური 3%-იანი ბარიერის გადალახვის პირობებში.

ასეთი განაწილება კატეგორიულად მიუღებელია ოპოზიციისთვის, რომელსაც მიაჩნია, რომ მმართველი პარტია არჩევნებზე მოსაგებად ყველა ერთმანდატიან ოლქში მთელ თავის ძალაუფლებას გამოიყენებს და ხელისუფლებაში ყოფნას კიდევ ერთი ვადით გაიხანგრძლივებს.

თავის მხრივ, მმართველი პარტიის დეპუტატები არჩევნების მხოლოდ და მხოლოდ პროპორციული სისტემით ჩატარებას ეწინააღმდეგებიან, რადგან მიაჩნიათ, რომ ამ სისტემით არჩევნების ჩატარება ქვეყნის სტაბილურობას დააზარალებს.

არაფორმალური დიალოგი და მისი შედეგები

ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერის, გიგი უგულავას განაჩენის გამკაცრების და მისი ციხეში დაბრუნების შემდეგ ოპოზიციამ მმართველ პარტიასთან დიალოგის გაგრძელებაზე უარი განაცხადა.

საპარლამენტო არჩევნები 2020: ოდირის დასკვნა როგორც უთანხმოების საბაბი და სათადარიგო გეგმა

ახლა დიალოგის განახლების მიზნით საერთაშორისო პარტნიორები მხარეებს უწყობენ არაფორმალურ შეხვედრებს, რათა მათ მოლაპარაკებას მიაღწიონ.

ასეთი შეხვედრების შედეგია რამდენიმე არაფორმალური შეთანხმება. მხარეები უკვე შეთანხმდნენ საკონსტიტუციო ნორმაზე, რომლის თანახმად ის პარტია ან ბლოკი, რომელიც არჩევნებზე 40%-ზე ნაკლებ ხმებს მიიღებს, მთავრობის ჩამოყალიბებას ვერ შეძლებს. ამჟამად მხარეები დეტალებზე მსჯელობენ.

საქართველოს ხელისუფლება, რომელმაც თავდაპირველად ერთმანდატიანი ოლქების რიცხვის 73-დან 50-მდე შემცირება შესთავაზა, დათმობაზე წავიდა და ახლა 40 ოლქის დატოვებაზე დათანხმდა.

„მაჟორიტარული ოლქების გადანაწილება რაიმე გონივრულ ფარგლებში უნდა ჯდებოდეს. ის, რომ იყოს 20 მაჟორიტარული ოლქი, გონივრულ ჩარჩოებში არ ჯდება, რადგან შეუძლებელია, მაგალითად, ნახევარ იმერეთს ჰყავდეს ერთი მაჟორიტარი. ამიტომ, ჩვენ ვამბობთ, რომ თანახმა ვართ, ვისაუბრებთ ორმოც მაჟორიტარულ ოლქზე, ამით მეტნაკლებად შესაძლებელია, გონივრულად საქართველოს ტერიტორიის მაჟორიტარულ ოლქებად დაყოფა. ხუთი, 10 და 20 მაჟორიტარის პირობებში შეუძლებელი იქნება მაჟორიტარების მიერ თავისი ფუნქციების განხორციელება“, – განაცხადა მმართველი პარტიის წარმომადგენელმა გიორგი კახიანმა.

ამ ეტაპზე ოპოზიციამ წმინდა პროპორციულ სისტემაზე უარი განაცხადა და თავისი ვარიანტი შესთავაზა.

„ყველაზე კარგი გამოსავალი იქნება 130/20, რომელიც მათ შესთავაზა ოპოზიციამ... თუ ამ ორ მოთხოვნას ისინი დათანხმდებიან... მაშინ შესაძლებელი იქნება გარკვეული წარმატების მიღწევა“, – განაცხადა პარტია „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენელმა სერგი კაპანაძემ.

„ბ“ გეგმა

შეძლებენ თუ არა მხარეები შეთანხმების მიღწევას, ჯერჯერობით უცნობია. იქიდან გამომდინარე, რომ მოლაპარაკებების შედეგი საკონსტიტუციო ცვლილებებს მოითხოვს, რაც დროში გაწელილი პროცესია, საბოლოო შეთანხმებების ვადა უკვე ამ კვირაში იწურება.

ყველა ერთის წინააღმდეგ: ქართული ოპოზიცია არჩევნებზე ერთიან კანდიდატებს წამოაყენებს

თუმცა, ოპოზიციას სათადარიგო გეგმაც გააჩნია. როდესაც მოლაპარაკებები ჩაშლის საფრთხე დაემუქრა, ოპოზიციამ ამ ოლქებში ერთიანი კანდიდატების წარდგენაზე და ყველა მხარდამჭერის მობილიზაციაზე მოილაპარაკა, რათა ამით უპირატესობა გაინაღდოს.

საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვების თანახმად, ოპოზიციურ პარტიებს ერთად უფრო მეტი მხარდაჭერა აქვთ ვიდრე მმართველ პარტიას. თავად „ქართულ ოცნებაში“ გამოკითხვების არ სჯერათ და ამომრჩეველთა 60%-ის მხარდაჭერის იმედი აქვთ, რაც ხელისუფლებაში ყოფნას კიდევ 4 წლით გაუხანგრძლივებს.

მმართველ პარტიას სათადარიგო გეგმა არ აქვს, მაგრამ ჯერჯერობით ის საერთაშორისო პარტნიორების ყველა მითითებას ასრულებს და დათმობებზე მიდის. ხოლო ოპოზიციის უდრეკი პოზიცია როგორ აისახება არჩევნების შემდგომ შეფასებაზე - ეს შემოდგომით გახდება ცნობილი.