ზემო ლარსი დღეს: გზა ყველა სახის ტრანსპორტისთვის დაიკეტა

საქართველო-რუსეთის საზღვრისკენ მიმავალი სატვირთო ავტომობილების მძღოლებს უამინდობამ პრობლემები შექმნა
Sputnik

თბილისი, 29 თებერვალი — Sputnik. ზვავსაშიშროების მაღალი საფრთხის დონის გამო, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის (რუსეთის ფედერაციის საზღვარი) საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა, ნათქვამია საავტომობილო გზების დეპარტამენტის განცხადებაში.

დღეს დილით გზის აღნიშნულ მონაკვეთზე მოძრაობა სატვირთო ავტომობილებისთვის აიკრძალა.

ტრაილერების რიგები ზემო ლარსზე: საქართველოში პრობლემის გადაჭრის გზებს ეძებენ >>

გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის ტრასა, ე.წ. საქართველოს სამხედრო გზა დღეისათვის საქართველოს და სომხეთის რუსეთთან დამაკავშირებელი ერთადერთი სახმელეთო გზაა. „ყაზბეგი–ზემო ლარსის" საბაჟო-გამშვები პუნქტი ერთადერთი მოქმედი გამშვები პუნქტია საქართველო-რუსეთის საზღვარზე.