რეგიონებში სკოლების რეაბილიტაციის პროექტების დაფინანსდება გრძელდება

გასულ წელს, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის მეშვეობით, 640 სკოლისათვის 40 მილიონი ლარით დაფინანსდა 733 პროექტი
Sputnik

თბილისი, 29 თებერვალი — Sputnik. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო, ქვეყნის მასშტაბით განათლების ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაციას განაგრძობს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

საპროტესტო აქცია გორის რაიონში: მოსახლეობა სკოლისა და საბავშვო ბაღის აშენებას ითხოვს

გასულ წელს, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის მეშვეობით, 640 სკოლისათვის 40 მილიონი ლარით დაფინანსდა 733 პროექტი: 329 სკოლაში მოეწყო სველი წერტილები, გადაიხურა 94 სკოლა, 62 სკოლაში დამონტაჟდა გათბობის სისტემა, შეიცვალა 74 სკოლის კარ-ფანჯარა, მოეწყო 77 სკოლის ოთახები და დერეფნები, გარემონტდა 59 სკოლის სპორტდარბაზი, 38 სკოლაში მოწესრიგდა ელექტროსისტემები.

ამ მიმართულებით, წელსაც 40 მილიონი ლარია გამოყოფილი და ამ ეტაპზე განსახორციელებელი პროექტების გეგმა-გრაფიკზე მიმდინარეობს მუშაობა.

გასულ წელს, განათლების ინფრასტრუქტურის პროექტები 260 მილიონი ლარით დაფინანსდა. დაწყებულია 59 სკოლის პროექტირება-მშენებლობა და მიმდინარეობს 80 სარეაბილიტაციო სკოლის პროექტირება. ასევე, 20 სკოლაში გრძელდება მუშაობა ენერგოეფექტურობის კომპონენტის გაძლიერების მიზნით.

რაზე დახარჯა 367 მილიონი ლარი მუნიციპალური განვითარების ფონდმა >>

2019 წელს დაიწყო საერთაშორისო სტანდარტების მცირე ზომის 32 საბავშვო ბაღის მშენებლობა და მიმდინარეობს ტიპიური პროექტების შემუშავება საშუალო და დიდი ზომის 24 ბაღისთვის. ამ პროექტების საინვესტიციო ღირებულება დაახლოებით 50 მილიონი ლარია.