თოვლი, შტორმი, ქარბუქი: საქართველოში ამინდი გაუარესდება

სინოპტიკოსები მაღალ მთაში ვარაუდობენ ქარბუქსა და თოვას, შავი ზღვის სანაპიროზე ხუთბალიანი შტორმია მოსალოდნელი.
Sputnik

თბილისი, 29 თებერვალი — Sputnik. საქართველოს მთელს ტერიტორიაზე ამინდი გაუარესდება - რაიონების უმრავლესობაში უქმეებზე ნალექია მოსალოდნელი, ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს განცხადებაში.

„29 თებერვალს დღის ბოლოდან 2 მარტამდე საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, მაღალმთაში თოვლი, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია ნისლი და ქარბუქი, ზღვაზე 4-5 ბალიანი შტორმი. დროგამოშვებით იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი“, - ნათქვამია განცხადებაში.

როგორც დასავლეთ, ისე აღმოსავლეთ საქართველოში კვირას ქარის გაძლიერებაა მოსალოდნელი - წამში 20-25 მეტრამდე.

აღმოსავლეთ საქართველოში დაბლობში ჰაერის ტემპერატურა მინუს 1 გრადუსამდე დაიკლებს, დღისით კი 16 გრადუსი სითბო იქნება. შეეხება ქვეყნის დასავლეთ ნაწილს, ღამით ბარში ჰაერის ტემპერატურა პლუს 3 გრადუსამდე დაიკლებს, დღისით კი მაქსიმუმ 20 გარდუსი სითბო იქნება.

უამინდობა საქართველოში: მოსალოდნელია შტორმი და წყალდიდობა

მთაში სინოპტიკოსები ნისლსა და ქარბუქს ვარაუდობენ. უხვი ნალექის გამო მთის ზონაში ზვავებისა და მეწყრული პროცესების ფორმირებაა მოსალოდნელი.

„მთიან რეგიონებში ჰაერის ტემპერატურის მოსალოდნელი მატებით გამოწვეულმა თოვლის დნობამ და თანდართულმა ძლიერმა ნალექებმა დასავლეთ საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონის მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო მთიან ზონებში ზვავების ფორმირება და მეწყრული პროცესების ჩასახვა - გააქტიურება გამოიწვიოს“, - ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს განცხადებაში.

შაბათს ყაზბეგში დღის მეორე ნახევარში მოსალოდნელია წვიმა. ღამით ჰაერის ტემპერატურა მინუს 9 გრადუსს შეადგენს, დღისით კი 6 გრადუსი სითბო იქნება. კვირას მოსალოდნელია თოვლი - ღამით მინუს 5 გრადუსი, დღისით 2 გრადუსი სითბო.

მესტიაში უქმეებზე მოსალოდნელია თოვლი, ღამით კი ყინვა. შაბათს ღამით იქნება მინუს 9 გრადუსი, დღისით 10 გრადუსი სითბო. კვირას ჰაერის ტემპერატურა მინუს 4 გრადუსამდე დაიკლებს, დღისით კი პლუს 2 გრადუსი იქნება.

ბათუმში უქმეებზე მოსალოდნელია წვიმა - შტორმი შავ ზღვაზე 4-5 ბალს მიაღწევს. შაბათს ღამით იქნება პლუს 8, დღისით - 18 გრადუსი სითბო. კვირას ღამით იქნება პლუს 6, დღისით - 9 გრადუსი სითბო.

თოვლი, შტორმი, ქარბუქი: საქართველოში ამინდი გაუარესდება

თბილისში შაბათს დღის მეორე ნახევარში იწვიმებს. ღამით იქნება პლუს 2, დღისით - პლუს 16 გრადუსი. კვირას მოსალოდნელია წვიმა - ღამით პლუს 6, დღისით მაქსიმუმ 13 გრადუსი სითბო. ამ ზამთარს ჰაერის საშუალო ტემპერატურა ერთი გრადუსით აღემატება ნორმას, ხოლო ნალექის რაოდენობა ნორმის ფარგლებშია.

საქართველოში ბოლო წლებში ყველაზე ცივი ზამთარი 2011 წელს იყო. მაშინ ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოს ბარში იყო 3-4 გრადუსი სითბო, აღმოსავლეთ ნაწილში - 0-1.