თბილისი, 28 თებერვალი — Sputnik. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტომ 28 თებერვლიდან იტალიისა და ირანის მიმართულებით საერთაშორისო საავტომობილო სამგზავრო გადაყვანისა და საერთაშორისო საავტომობილო სატვირთო გადაზიდვის ნებართვის გაცემა შეწყვიტა.
სააგენტოს მონაცემებით, ასევე შეჩერებულია ამ ქვეყნების მიმართულებით დღეის მდგომარეობით გაცემული ყველა ნებართვის მოქმედება.
გარდა ამისა, საკვალიფიკაციო ცენტრში მიმდინარე და დაგეგმილი სასწავლო პროცესი ორი კვირით შეჩერდა.
პარასკევს საქართველოში კორონავირუსით დაინფიცირების მეორე შემთხვევა დაფიქსირდა. პირველ შემთხვევა ორი დღის წინ მოხდა. მაშინ ვირუსი საქართველოს 50 წლის მოქალაქეს აღმოაჩნდა, რომელიც ირანიდან ჩამოვიდა. მამაკაცი საქართველოში აზერბაიჯანიდან შემოვიდა.
მეორე შემთხვევა 31 წლის ქალს დაუფიქსირდა, რომელიც იტალიიდან დაბრუნდა.
კორონავირუსის ეპიდემიის პრევენციის მიზნით საქართველოში საგანგებო ზომებს იღებენ. ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ საგანგებო უწყებათაშორისი საკოორდინაციო ჯგუფი შექმნა. გადაწყდა ორი კვირით ირანთან სახმელეთო მიმოსვლის აკრძალვა.
მანამდე ახალი ტიპის პნევმონიის ეპიდაფეთქების გამო საქართველომ დროებით შეაჩერა პირდაპირი ფრენები ჩინეთიდან და ირანიდან. აიკრძალა ასევე ცხოველების იმპორტი ჩინეთიდან. საქართველოს აეროპორტებსა და სახელმწიფო საზღვრის გამშვებ პუნქტებზე სპეციალისტები ყველა მოგზაურს ამოწმებენ. ჯანდაცვის სამინისტრო მოსახლეობაში საინფორმაციო კამპანიას ატარებს.
2019 წლის 31 დეკემბერს ჩინეთის ხელისუფლებამ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას ქალაქ უჰანში უცნობი პნევმონიის აფეთქების შესახებ შეატყობინა. სპეციალისტებმა დაადგინეს, რომ დაავადების გამომწვევი ახალი ტიპის კორონავირუსი იყო. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ საერთაშორისო მნიშვნელობის საგანგებო სიტუაცია გამოაცხადა და დაავადებას ოფიციალური სახელწოდება დაუდგინა – COVID-2019.