მამაკაცი, რომელმაც საკუთარი დედა და და მოკლა, დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ჭოპორტში მომხდარი მკვლელობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა. დაკავებულს 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
Sputnik

თბილისი, 28 თებერვალი — Sputnik. პოლიციამ  საკუთარი დედისა და დის მკვლელობის ბრალდებით 41 წლის მამაკაცი დუშეთში დააკავა, იუწყება შინაგან საქმეთა სამინსიტრო.

დუშეთში მამაკაცმა საკუთარი დედა და და მოკლა

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა სოფელ ჭოპორტში პარასკევს, 28 თებერვალს, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე სანადირო თოფისა და დანის გამოყენებით სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა საკუთარ დედას და დას. დედა შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა, და კი საავადმყოფოში მიყვანამდე დაიღუპა. 

პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღები - სანადირო თოფი და დანა ნივთმტკიცებად ამოიღო.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა-109-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ვ" ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ოჯახის ორი ან მეტი წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.