კორონავირუსი საქართველოში: მედიკოსები დაავადებულის მდგომარების შესახებ საუბრობენ

ქართველი ექიმები ირწმუნებიან, რომ მზად არიან აღმოუჩინონ პაციენტს საჭირო დახმარება. მამაკაცი ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებულ განყოფილებაშია მოთავსებული
Sputnik

თბილისი, 27 თებერვალი - Sputnik. კორონავირუსით დაავადებული საქართველოს მოქალაქე ინტენსიურ თერაპიას არ საჭიროებს და მას ფილტვების ანთება არ აღენიშნება, განუცხადა ჟურნალისტებს ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ.

ვინ არის საქართველოში კორონავირუსით დაავადებული პაციენტი: ცნობილია დეტალები >>

საქართველოში 26 თებერვალს საღამოს დადასტურდა კორონავირუსით დაავადების პირველი შემთხვევა. ინფიცირებულია საქართველოს მოქალაქე, რომელიც ირანიდან ჩამოვიდა. 50 წლის მამაკაცი საქართველოში აზერბაიჯანიდან შემოვიდა.

„ჩვენ სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ... მისი მკურნალობისთვის ქვეყანა და ჩვენი საავადმყოფო არის მზად. თუ რა სახის მკურნალობა ჩაუტარდება, ეს დამოკიდებული იქნება იმაზე, რა სიმძიმის იქნება ეს ინფექცია და რა გართულებები ექნება. ამ წუთში მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, მას ტემპერატურის მომატება არ აღენიშნება და არც ფილტვების ანთება აქვს. ის ამ ეტაპზე რაიმე ინტენსიური თერაპიის ჩატარებას არ საჭიროებს, მაგრამ თუ საჭირო იქნება, ჩაუტარდება ყველა მკურნალობა“,- განაცხადა ცერცვაძემ.
კორონავირუსი საქართველოში: პრემიერმა საგანგებო ჯგუფი შექმნა

სამშაბათს დაავადებული მამაკაცი მაღალი სიცხით ქართულ-აზერბაიჯანული საზღვრიდან ინფექციურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. საზღვრამდე ის სამარშრუტო ტაქსით გადაადგილდებოდა.

დაავადებათა ეროვნული ცენტრის მონაცემებით, დაავადებულ მოქალაქესთან კონტაქტში მყოფი მებაჟეები კარანტინში მოათავსეს. აზერბაიჯანში კარანტინში არიან დაავადებულის თანმხლები პირებიც. საქართველოს მოქალაქის კიდევ ერთი თანმხლები პირი თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში დაკვირვების ქვეშ არის მოთავსებული. მას კორონავირუსი არ აღმოაჩნდა.