მსოფლიო დღეს

აშშ-ში კორონავირუსის საწინააღმდეგო პრეპარატის ადამიანებზე გამოცდა დაიწყო

ჯანმოს განცხადებით, კომპანია Gilead Sciences-ის მიერ შექმნილი პრეპარატი ჯერჯერობით ერთადერთია, რომელსაც შეიძლება რეალური ეფექტი ჰქონდეს.
Sputnik

თბილისი, 27 თებერვალი — Sputnik. ამერიკის შეერთებულ შტატებში ექსპერიმენტული ანტივურუსული პრეპარატის ადამიანებზე გამოცდა დაიწყო, რომელსაც ახალი ტიპის კორონავირუსის, COVID 2019-ის განკურნებაც შეუძლია, იუწყება MedicalXpress.  

წამალი მალე შეიქმნება: კორონავირუსის გენომში მუტაცია არ გამოვლინდა

გავრცელებული ინფორმაციით, პრეპარატი ნებრასკის უნივერსიტეტის სამედიცინო ცენტრში გამოიცდება ოთხასამდე პაციენტზე მთელი მსოფლიოდან. ამასთან, ნებისმიერ ადამიანს, ვისაც კორონავირუსის ზომიერი სიმპტომები გამოუვლინდა, უფლება აქვს, დანარჩენებთან ერთად მიიღოს მონაწილეობა ექსპერიმენტში.  

ცნობილი ხდება, რომ პრეპარატი ამერიკულმა ფარმაცევტულმა კომპანია Gilead Sciences-მა შექმნა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალური დირექტორის თანაშემწემ ბრიუს ეიდვარდმა პეკინში ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ეს ჯერჯერობით ერთადერთი პრეპარატია, რომელსაც რეალური ეფექტი შეიძლება ჰქონდეს.

COVID 2019-ის საფრთხე: ორასამდე ინდონეზიელი უკაცრიელ კუნძულზე გადაიყვანეს>>

ამ დროისათვის არსებული ინფორმაციით, ახალი ტიპის კორონავირუსით, რომელსაც ოფიციალურად ეწოდა COVID 2019, მსოფლიოს მასშტაბით სულ აღირიცხა 82 164 ადამიანის ინფიცირების შემთხვევა. აქედან ჩინეთზე 78 497 შემთხვევა მოდის. ინფიცირებულთა სიმრავლით მეორე ადგილზეა სამხრეთ კორეა — 1 595 დაავადებულით. სულ გარდაიცვალა 2801 ადამიანი, გამოჯანმრთელდა და საავადმყოფოებიდან გაეწერა 32 897 პაციენტი. 

კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა 26 თებერვალს გამოვლინდა საქართველოშიც. საუბარია 50 წლის მამაკაცზე, საქართველოს მოქალაქეზე, რომელიც ქვეყანაში ირანიდან დაბრუნდა აზერბაიჯანის გავლით. გავრცელებული ინფორმაციით, მამაკაცის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, დაავადება მსუბუქი ფორმით მიმდინარეობს და არ აღენიშნება არანაირი კლინიკური გამოვლინება. ამასთან, ამ დროისათვის ინფექციურ საავადმყოფოში 10 პაციენტი იმყოფება. მათი ანალიზების პასუხები დღის განმავლობაში გახდება ცნობილი.