მსოფლიო დღეს

COVID 2019-ის საფრთხე: ორასამდე ინდონეზიელი უკაცრიელ კუნძულზე გადაიყვანეს

გავრცელებული ინფორმაციით, ინდონეზიის მოქალაქეები კუნძულზე სპეციალური მცურავი ჰოსპიტლით გადაიყვანეს სამხედრო ხომალდების თანხლებით.
Sputnik

თბილისი, 27 თებერვალი — Sputnik. ინდონეზიის ხელისუფლებამ ლაინერ World Dream-ის ეკიპაჟის 188 წევრი, რომელიც თებერვლის დასაწყისში კორონავირუსის გამო ჰონკონგის პორტში კარანტინზე იყო გადაყვანილი, თითქმის დაუსახლებელ კუნძულ სებარუზე გადაიყვანა, იუწყება გაზეთი Jakarta Post. 

გავრცელებული ინფორმაციით, ინდონეზიის მოქალაქეები კუნძულზე სპეციალური მცურავი ჰოსპიტლით გადაიყვანეს სამხედრო ხომალდების თანხლებით. ამ სახით ლაინერის ეკიპაჟის წევრებს კარანტინში მოათავსებენ და მათ დამატებითი სამედიცინო გამოკვლევები ჩაუტარდებათ. 

კორონავირუსი გვიტევს: შეაჩერებს თუ არა საქართველო ფრენებს სხვა ქვეყნებთან

აღსანიშნავია, რომ კუნძულ სებარუზე მანამდე ნარკოდამოკიდებული ადამიანებისთვის სარეაბილიტაციო ცენტრი იყო განთავსებული. 

ლაინერმა World Dream-მა, რომლის ბორტზეც 1800 მგზავრი და ეკიპაჟის თითქმის ამდენივე წევრი იმყოფებოდა, ჰონკონგი 2 თებერვალს დატოვა. ლაინერი მეორე დღესვე დაბრუნდა საკრუიზო ტერმინალ „კაი ტაკში“ და ის კარანტინში მოათავსეს, ვინაიდან მის სამ მგზავრს ახალი ტიპის კორონავირუსი გამოუვლინდა. თავდაპირველი მარშრუტის თანახმად, ლაინერი ტაივანის პორტში უნდა შესულიყო, მაგრამ კუნძულის ხელისუფლებამ World Dream-ი არ მიიღო და ის კვლავ ჰონკონგში დაბრუნდა. რამდენიმე დღის შემდეგ მგზავრებსა და ეკიპაჟის წევრებს ხომალდის დატოვების ნებართვა მისცეს, ვინაიდან COVID 2019-ით ინფიცირების შემთხვევები აღარ გამოვლენილა. 

ჯანმომ კორონავირუსის შესახებ ახალი მონაცემები გამოაქვეყნა>>

ამ დროისათვის არსებული ინფორმაციით, ახალი ტიპის კორონავირუსით, რომელსაც ოფიციალურად ეწოდა COVID 2019, მსოფლიოს მასშტაბით აღირიცხა 82 164 ადამიანის ინფიცირება. აქედან ჩინეთზე 78 497 შემთხვევა მოდის. ინფიცირებულთა სიმრავლით მეორე ადგილზეა სამხრეთ კორეა — 1 595 დაავადებულით. სულ გარდაიცვალა 2801 ადამიანი, გამოჯანმრთელდა და საავადმყოფოებიდან გაეწერა 32 897 პაციენტი. 

აღსანიშნავია, რომ კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა 26 თებერვალს გამოვლინდა საქართველოშიც. საუბარია 50 წლის მამაკაცზე, საქართველოს მოქალაქეზე, რომელიც ქვეყანაში ირანიდან აზერბაიჯანის გავლით შემოვიდა. გავრცელებული ინფორმაციით, მამაკაცის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, დაავადება მსუბუქი ფორმით მიმდინარეობს და მას არ აღენიშნება არანაირი კლინიკური გამოვლინება.