საქართველოს პრემიერი: პანიკის საფუძველი არ გვაქვს

საქართველოს მთავრობის მეთაური მოსახლეობას მიმართავს – გაითვალისწინონ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციები.
Sputnik

თბილისი, 27 თებერვალი — Sputnik. კორონავირუსთან დაკავშირებით პანიკის საფუძველი არ არსებობს, ჯანდაცვის სამინისტრო და შესაბამისი უწყებები კოორდინირებულად აკონტროლებენ სიტუაციას, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე.

ჩინეთიდან დაბრუნებული საქართველოს მოქალაქეების მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია

26 თებერვალს საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. პაციენტი საქართველოს 50 წლის მოქალაქეა, რომელიც ირანიდან ჩამოვიდა. მამაკაცი საქართველოში აზერბაიჯანიდან შემოვიდა.

როგორც გახარიამ აღნიშნა, მოსახლეობამ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციები უნდა გაითვალისწინოს.

„აქტიურად გრძელდება საკოორდინაციო საბჭოს მუშაობა, რომელიც შეიქმნა 28 იანვარს და ამ საბჭოს ეფექტური მუშაობის შედეგად მოხდა პირველი ფაქტის საზღვარზევე დაფიქსირება, ისე, რომ ფაქტობრივად ამას არ ჰქონია ჩვენს მოქალაქეებთან შეხება. ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც დაფიქსირდა კონკრეტულად საზღვარზე, რისთვისაც ჯანდაცვის სამინისტროს თითოეულ თანამშრომელს უნდა გადავუხადოთ მადლობა, ისევე, როგორ მესაზღვრეებსა და საბაჟოს თანამშრომლებს", – განაცხადა გახარიამ.

მესაზღვრეები, რომელთაც ინფიცირებულ მოქალაქესთან ჰქონდათ კონტაქტი, კარანტინში მოათავსეს. აზერბაიჯანში კარანტინში იმყოფებიან ინფიცირებული ადამიანის თანმხლები პირებიც. საქართველოს მოქალაქის კიდევ ერთი თანმხლები პირი თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება. მას კორონავირუსი არ აღმოაჩნდა.

ჯანმომ კორონავირუსის შესახებ ახალი მონაცემები გამოაქვეყნა

ახალი ტიპის პნევმონიის ეპიდაფეთქების გამო საქართველომ დროებით შეაჩერა პირდაპირი ფრენები ჩინეთიდან და ირანიდან. აიკრძალა ასევე ცხოველების იმპორტი ჩინეთიდან. საქართველოს აეროპორტებსა და სახელმწიფო საზღვრის გამშვებ პუნქტებზე სპეციალისტები ყველა მოგზაურს ამოწმებენ. ჯანდაცვის სამინისტრო მოსახლეობაში საინფორმაციო კამპანიას ატარებს.

ჩინეთში ახალი ტიპის კორონავირუსით დაღუპულთა რიცხვმა 2 744-ს მიაღწია, გამოჯანმრთელდა 32 495 ადამიანი, სულ დაფიქსირებულია ინფიცირების 78 497 შემთხვევა.

ბოლო დღე-ღამის განმავლობაში ვირუსის შედეგად 29 ადამიანი გარდაიცვალა, 433 დაინფიცირდა, ხოლო 2 750 – გამოჯანმრთელდა.

ახალი ვირუსი ჩინეთის საზღვრებს გარეთ მსოფლიოს 30-ზე მეტ ქვეყანაში გავრცელდა.