ჩინეთიდან დაბრუნებული საქართველოს მოქალაქეების მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია

საჩხერის კლინიკის დირექტორის განცხადებით, სადაც საქართველოს 34 მოქალაქეა მოთავსებული, არც ერთ პაციენტს კორონავირუსისთვის დამახასიათებელი ნიშნები არ აღენიშნება.
Sputnik

თბილისი, 27 თებერვალი — Sputnik. საქართველოს 34 მოქალაქე, რომელთა ევაკუაციაც ჩინეთიდან გასული კვირის ბოლოს განხორციელდა, საჩხერის სამედიცინო ცენტრთან არსებულ სასტუმროში კარანტინზე იმყოფებიან და მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის დამაკმაყოფილებელია, განაცხადა საჩხერის კლინიკის დირექტორმა მიხეილ ქამუშაძემ.

არც ერთ მათგანს არ აღენიშნება ტემპერატურა და ამ ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები.

ისინი ექიმების მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებიან. ორკვირიანი კარანტინის შემდეგ ისინი სასტუმროს დატოვებას შეძლებენ.

ამასთან, ქამუშაძემ აღნიშნა, რომ ამ დროის განმავლობაში საჩხერის საავადმყოფოში მიმართვიანობა არ გაზრდილა.

26 თებერვალს საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. პაციენტი საქართველოს 50 წლის მოქალაქეა, რომელიც ირანიდან ჩამოვიდა. მამაკაცი საქართველოში აზერბაიჯანიდან შემოვიდა.

კორონავირუსი გვიტევს: შეაჩერებს თუ არა საქართველო ფრენებს სხვა ქვეყნებთან

ინფიცირებული მოქალაქე, რომელსაც მაღალი ტემპერატურა აღენიშნებოდა, საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრიდან ინფექციურ საავადმყოფოში სამშაბათს შეიყვანეს. საზღვრამდე მან მიკროავტობუსით იმგზავრა.

ჩინეთში ახალი ტიპის კორონავირუსით დაღუპულთა რიცხვმა 2 744-ს მიაღწია, გამოჯანმრთელდა 32 495 ადამიანი, სულ დაფიქსირებულია ინფიცირების 78 497 შემთხვევა.

ბოლო დღე-ღამის განმავლობაში ვირუსის შედეგად 29 ადამიანი გარდაიცვალა, 433 დაინფიცირდა და 2 750 გამოჯანმრთელდა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ქვეყანაში კორონავირუსით დაავადების პირველი შემთხვევის გამოვლენის შემდეგ საგანგებო უწყებათაშორისი საკოორდინაციო ჯგუფი შექმნა. გადაწყვეტილება იქნა მიღებული ირანთან სახმელეთო მიმოსვლის ორი კვირით შეჩერების თაობაზე.

ახალი ტიპის პნევმონიის ეპიდაფეთქების გამო საქართველოს დროებით შეჩერებული აქვს პირდაპირი ფრენები ჩინეთიდან და ირანიდან. აიკრძალა ასევე ცხოველების იმპორტი ჩინეთიდან. საქართველოს აეროპორტებსა და სახელმწიფო საზღვრის გამშვებ პუნქტებზე სპეციალისტები ყველა მოგზაურს ამოწმებენ. ჯანდაცვის სამინისტრო მოსახლეობაში საინფორმაციო კამპანიას ატარებს.

2019 წლის 31 დეკემბერს ჩინეთის ხელისუფლებამ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას ქალაქ უჰანში უცნობი პნევმონიის აფეთქების შესახებ შეატყობინა. სპეციალისტებმა დაადგინეს, რომ დაავადების გამომწვევი ახალი ტიპის კორონავირუსი იყო. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ საერთაშორისო მნიშვნელობის საგანგებო სიტუაცია გამოაცხადა და დაავადებას ოფიციალური სახელწოდება დაუდგინა – COVID-2019.