ვითარება გზებზე: გუდაური-კობის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა

უწყების ცნობით, კობი–გუდაურის მონაკვეთზე ტემპერატურის მკვეთრი მატების გამო ზვავსაშიშროების საფრთხის დონე გაზრდილია.
Sputnik

თბილისი, 27 თებერვალი — Sputnik. საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობაზე აკრძალვა დაწესდა, ნათქვამია საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

გავრცელებული ინფორმაცით, გზის აღნიშნულ მონაკვეთზე ტემპერატურის მკვეთრი მატების გამო ზვავსაშიშროების საფრთხის დონე გაიზარდა, რის გამოც მოძრაობა აიკრძალა.

გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის ტრასა, ე.წ. საქართველოს სამხედრო გზა დღეისათვის საქართველოს და სომხეთის რუსეთთან დამაკავშირებელი ერთადერთი სახმელეთო გზაა. „ყაზბეგი–ზემო ლარსის" საბაჟო-გამშვები პუნქტი ერთადერთი მოქმედი გამშვები პუნქტია საქართველო-რუსეთის საზღვარზე.