კორონავირუსი საქართველოში: პრემიერმა საგანგებო ჯგუფი შექმნა

საქართველოს სამთავრობო უწყებები სადღეღამისო რეჟიმში მუშაობენ, რათა ინფექციის გავრცელება არ დაუშვან
Sputnik

თბილისი, 26 თებერვალი - Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ქვეყანაში კორონავირუსით დაავადების პირველი შემთხვევის გამოვლენის შემდეგ საგანგებო უწყებათაშორისი საკოორდინაციო ჯგუფი შექმნა, ნათქვამია საქართველოს მთავრობის ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

ვინ არის საქართველოში კორონავირუსით დაავადებული პაციენტი: ცნობილია დეტალები >>

საქართველოში ოთხშაბათს საღამოს დადასტურდა კორონავირუსით დაავადების პირველი შემთხვევა. ინფიცირებულია საქართველოს მოქალაქე, რომელიც გუშინ ირანიდან ჩამოვიდა. 50 წლის მამაკაცი საქართველოში აზერბაიჯანიდან შემოვიდა.

ჯგუფის პირველ სხდომაზე პრემიერმა ყველა უწყების წარმომადგენლებისგან მოისმინა დეტალური ინფორმაცია ვირუსის გავრცელების თავიდან აცილების კუთხით მიმდინარე და დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ. იქვე  მიღებულია გადაწყვეტილება, რომლის თანახმად, საჰაერო მიმოსვლასთან ერთად, ირანიდან სახმელეთო გზით შემოსვლა ორი კვირით შეიზღუდა.

„ჯანდაცვის სამინისტრო და დაავადებათა კონტროლის ცენტრი, ისევე როგორც ყველა დანარჩენი უწყება, 24-საათიან რეჟიმში ვმუშაობთ იმისთვის, რომ პრევენციული ღონისძიებების ხარისხიანი გატარების შედეგადაც ჩვენს ქვეყანაში არ აღმოჩნდეს კორონავირუსის ეპიდაფეთქება“, - განაცხადა ტიკარაძემ.

ამავე დროს მან აღნიშნა, რომ დღეისათვის საქართველოში ეპიდემიის საფრთხე არ არსებობს და არანაირი დამატებითი ზომები, როგორც მაგალითად სკოლების დაკეტვა, არ იგეგმება.