2021 წლიდან თბილისში საფრთხის შემცველი მასალების გაყიდვა აიკრძალება

თბილისის მერი ქალაქში ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით ახალი ინიციატივით გამოდის, რომელიც ისეთი მასალებით ვაჭრობის აკრძალვას ითვალისწინებს, რაც ადამიანის ჯანმრთელობისთვის საზიანოა.
Sputnik

თბილისი, 26 თებერვალი — Sputnik. თბილისში 2021 წლის 1 იანვრიდან საცხოვრებელ და რეკრეაციულ ზონებში მეორადი საბურავების, ჯართის, ამტვერებადი და ფეთქებადი მასალების რეალიზაცია აიკრძალება, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე.

როგორი გახდება თბილისი 2020 წელს? კალაძემ სამომავლო გეგმებზე ისაუბრა

კალაძემ შესაბამისი კანონპროექტის დროულად მომზადება და საკრებულოში გადაგზავნა შესაბამის სამსახურებს დაავალა.

როგორც კალაძემ აღნიშნა, შეფუთვის გარეშე სამშენებლო მასალების ტრანსპორტირების ამკრძალავმა კანონმა ეფექტიანად იმუშავა – გამოვლინდა სამართალდარღვევის 415 ფაქტი. აქედან 67 სამშენებლო ობიექტებზე დაფიქსირდა. ჯარიმების საერთო მოცულობამ 197,8 ათასი ლარი შეადგინა. თუმცა, როგორც მერმა განმარტა, მოქმედი რეგულაციები საკმარისი არ არის და ახალი რეგულაციების მიღებაა აუცილებელი.

„შესაბამისი სამსახურები ხვალიდან უნდა დაუკავშირდნენ ყველა იმ ადამიანს, ვინც ასეთი მასალებით ვაჭრობს და ჩვენი გეგმის შესახებ მიაწოდონ ინფორმაცია. ასევე საჭიროა მათ მივცეთ გონივრული ვადა და მითითებები, თუ სად შეუძლიათ განაგრძონ საქმიანობა", – აღნიშნა კალაძემ.

ჯერჯერობით ამ კუთხით ყველაზე დიდ პრობლემას ე.წ. ელიავას ბაზრობა წარმოადგენს, რომელიც თბილისის ცენტრში მდებარეობს. მას 15,5 ჰა ფართობი უკავია და არაერთხელ გამხდარა თბილისის მთავრობისა და მოსახლეობის კრიტიკის საგანი – ტერიტორიაზე ანტისანიტარიაა, ბევრი სამშენებლო მასალა ღია სახით იყიდება და გარემოს აბინძურებს. ამ დროისთვის დედაქალაქის მთავრობა აღნიშნული პრობლემის გადაჭრის სხვადასხვა ვარიანტს განიხილავს.