რაჭაში ახალი ნაკრძალი გაჩნდება

როგორც ადრე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა, 2020 წელს საქართველოს დაცული ტერიტორიების ფართობი 100 ათასი ჰექტრით გაიზრდება.
Sputnik

თბილისი, 26 თებერვალი — Sputnik. რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარეში ახალი დაცული ტერიტორია გაჩნდება, ნათქვამია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

გახარია: 2020 წელს დაცული ტერიტორიები 100 ათასი ჰექტრით გაიზრდება

კერძოდ, ახალი ნაკრძალის შექმნა, რომელიც 52,1 ათას ჰექტარზე მეტ ფართობს დაიკავებს, ონის მუნიციპალიტეტში იგეგმება.

აღნიშნული საკითხი დაცული ტერიტორიების სააგენტოს წარმომადგენლებმა ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრაზე განიხილეს. უკვე მომზადებულია კანონპროექტი „რაჭის ეროვნული პარკისა და შოვის აღკვეთილის შექმნისა და მართვის შესახებ".

როგორც ცნობილია, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს პოლიტიკის ფარგლებში ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე დაცული ტერიტორიების ფართობი იზრდება.

„დაცული ტერიტორიების დაარსება რაჭის რეგიონში ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან, ერთი მხრივ, ეს ხელს შეუწყობს ბიომრავალფეროვნების დაცვას, ხოლო მეორე მხრივ – ეკოტურიზმის განვითარებას და, შესაბამისად, ადგილობრივი მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას", – განაცხადა დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილემ თომა დეკანოიძემ.

შეხვედრაზე დაცული ტერიტორიების სააგენტოს წარმომადგენლებმა მოსახლეობას გააცნეს ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის (WWF) მიერ 2018-2019 წლებში ჩატარებული კვლევის შედეგები – „რაჭის რეგიონში დაცული ტერიტორიების დაარსების შესაძლებლობის შეფასება". ჩატარებული კვლევის შედეგად შეფასდა და განისაზღვრა დაცული ტერიტორიების სავარაუდო საზღვრები.

მუზეუმებსა და მუზეუმ-ნაკრძალებში ბილეთის ფასი თითქმის გაორმაგდა

მანამდე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ 2020 წელს საქართველოს დაცული ტერიტორიების ფართობი 100 ათასი ჰექტრით გაიზრდება. 2019 წელს დაცული ტერიტორიების საერთო მოცულობა 10%-ით გაიზარდა და ქვეყნის ტერიტორიის 9,6% შეადგინა.

საქართველოში 13 სახელმწიფო ნაკრძალი, 10 ეროვნული პარკი, 41 ბუნებრივი ძეგლი და ორი დაცული ლანდშაფტია. პირველი დაცული ტერიტორია – ლაგოდეხის სახელმწიფო ნაკრძალი ჯერ კიდევ 1912 წელს შეიქმნა.

ამჟამად დაცული ტერიტორიების საერთო ფართობი საქართველოში 520 811 ჰექტარს შეადგენს. დაცული ტერიტორიების დაახლოებით 75% ტყით არის დაფარული.