საქართველოში ორი კომპანიის ხელმძღვანელი პირები დააკავეს

გამოძიებით დადგინდა, რომ უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით ბრალდებულები მათ მმართველობაში არსებული კომპანიების სახელით ყალბ საგადასახადო დოკუმენტებს გასცემდნენ.
Sputnik

თბილისი, 26 თებერვალი — Sputnik. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადება-გამოყენების ბრალდებით ორი კომპანიის ხელმძღვანელი პირები დააკავეს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ყალბი დოკუმენტები: დაკავებულია საექსპერტო დაწესებულების უფროსი

დაკავებულებს ასევე ბრალი ედებათ ერთ-ერთი კომპანიის მესაკუთრის მოტყუებასა და სხვისი ქონების დაზიანებაში.

გამოძიებით დადგინდა, რომ უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით ბრალდებულები მათ მმართველობაში არსებული კომპანიების სახელით ყალბ საგადასახადო დოკუმენტებს გასცემდნენ.

ამ გზით მათ ერთმანეთში განახორციელეს ხის მასალის ფიქტიური მიწოდებები, რითიც ერთ-ერთ კომპანიას ხელოვნურად შეექმნა ხის მასალის ნაშთი და დღგ-ის აქტივი, რომელიც შემდგომში ნაწილობრივ გამოყენებულ იქნა მიმდინარე საბიუჯეტო ვალდებულებების დასაფარად. ბიუჯეტისთვის მიყენებული ზიანი 100 ათას ლარს აღემატება.

გამოძიება მიმდინარეობს სსკ-ის 210-ე მუხლის მეორე და 185-ე მუხლის მესამე ნაწილებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4-დან 7 წლამდე ვადით.