როგორ დავიცვათ კორონავირუსისგან თავი: რეკომენდაციები ამირან გამყრელიძისგან

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაახლოებით 50 წლის მამაკაცს დაუდგინდა, რომელიც საქართველოში აზერბაიჯანის გავლით შემოვიდა.
Sputnik

თბილისი, 26 თებერვალი — Sputnik. მოსახლეობას მოვუწოდებთ შეზღუდონ მოგზაურობა იმ ქვეყნებში, სადაც კორონავირუსის შემთხვევები განსაკუთრებით გავრცელებულია, განაცხადა  საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ საგანგებო ბრიფინგზე. 

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა

როგორც გამყრელიძემ აღნიშნა, ეს ქვეყნებია ჩინეთი, ირანი, სამხრეთ კორეა და იტალია.

„მოსახლეობას ვაძლევთ რეკომენდაციას დაიცვან ჰიგინური პირობები. აუცილებელია სველი წესით სამუშაო და საცხოვრებელი ადგილების დამუშავება, თავი ავარიდოთ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებს, ქირურგიული პირბადის ხმარება და ხელების ხშირად დაბანა  - ეს არის აუცილებელი. ხველების და სხვა სიმპტომების არსებობის შემთხვევაში აუცილებლად უნდა მიმართოთ ექიმს," - განაცხადა საგანგებო ბრიფინგზე ამირან გამყრელიძემ.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაახლოებით 50 წლის მამაკაცს დაუდგინდა, რომელიც ირანიდან გუშინ დაბრუნდა და საქართველოში აზერბაიჯანის გავლით შემოვიდა.

ჯანდაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, მამაკაცი ინფექციურ საავადმყოფოს ბოქსირებულ განყოფილებაშია  მოთავსებული.

ამ დროისთვის ინფექციურ საავადმყოფოში 14 პაციენტი იმყოფება, რომელთაც მაღალი ტემპერატურა აღენიშნებათ, მათგან 11 საქართველოს მოქალაქეა, ასევე ჩინეთის და ირანის მოქალაქეები.

ახალი ტიპის პნევმონიის აფეთქების გამო საქართველომ საჰაერო მიმოსვლასთან ერთად, ირანიდან სახმელეთო გზით შემოსვლა შეზღუდა. საქართველოს აეროპორტებსა და სახელმწიფო საზღვრის გამშვებ პუნქტებზე სპეციალისტები ყველა მოგზაურს ამოწმებენ. ჯანდაცვის სამინისტრო მოსახლეობაში საინფორმაციო კამპანიას ატარებს.