მსოფლიო დღეს

ნეთანიაჰუ პალესტინას მასშტაბური სამხედრო ოპერაციით დაემუქრა

მანამდე ისრაელის თავდაცვის არმიის Twitter-ზე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბოლო 24 საათის განმავლობაში სამხედროებმა ღაზის სექტორიდან გაშვებული 28 რაკეტა ჩამოაგდეს.
Sputnik

თბილისი, 25 თებერვალი — Sputnik. მზად ვარ დავიწყო მასშტაბური სამხედრო ოპერაცია ღაზაში, თუ პალესტინური დაჯგუფებები ისრაელის დასახლებული პუნქტების დაცხრილვას განაგრძობენ, განაცხადა ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ, რის შესახებაც ინფორმაციას მისი პრეს-სამსახური ავრცელებს. 

ნეთანიაჰუ: ვინც ისრაელს შეუტევს, გამანადგურებელ დარტყმას მიიღებს

გავრცელებული ინფორმაციით, პრემიერმა ქალაქ არიელში მგზავრობის დროს აღნიშნა, რომ ისრაელი არ მოითმენს „ჰამასისა“ და „ისლამური ჯიჰადის“ მხრიდან შეტევებს და „მასშტაბური სამხედრო კამპანიის გეგმის“ ამოქმედებით დაიმუქრა იმ შემთხვევაში, თუ ისინი სრულად არ შეწყვეტენ თავდასხმებს.

„მე ვგულისხმობ არა ერთი ან ორი დღით, არამედ საერთოდ [შეწყვეტას]“, — ხაზი გაუსვა ნეთანიაჰუმ.

პრემიერის თქმით, ომი — ეს „უკანასკნელი მეთოდია“, მაგრამ არჩევანის არარსებობის შემთხვევაში ის მზადაა მიმართოს ამ მეთოდს.

მანამდე ისრაელის თავდაცვის არმიის Twitter-ზე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბოლო 24 საათის განმავლობაში სამხედროებმა ღაზის სექტორიდან გაშვებული 28 რაკეტა ჩამოაგდეს. ერთი დღით ადრე კი 40-ზე მეტი რაკეტა დაფიქსირდა, რომელთაგან ერთი ქალაქ სედროტში ჩამოვარდა საბავშვო მოედანზე. შესაბამისად, ამოქმედდა ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემა „რკინის გუმბათი“. დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა. ვითარების სიმწვავიდან გამომდინარე, ღაზასთან საზღვრის სიახლოვეს მდებარე დასახლებულ პუნქტებში საგანმანათლებლო დაწესებულებები დაკეტილია.