თბილისი, 25 თებერვალი — Sputnik. საქართველოს ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის თანამშრომლებმა 102 წლის შესრულება მიულოცეს მეორე მსოფლიო ომის მონაწილეს ევდოკია კლიმოვას და მას ყვავილები და საჩუქრები გადასცეს, იუწყება საინფორმაციო სააგენტო Новости-Грузия.
როდესაც ომი დაიწყო, კლიმოვა 22 წლისა იყო. ის ფრონტზე სანიტრად წავიდა. ომის დასრულებამდე ბელორუსიის პირველ ფრონტზე იბრძოდა, არაერთი დაჭრილი მებრძოლი ჰყავს გადარჩენილი. მას დღემდე შემორჩენილი აქვს საბრძოლო განწყობა.
კლიმოვამ ომში გაიცნო მომავალი მეუღლე, ქართველი მებრძოლი გიორგი ლორთქიფანიძე, რომელსაც საქართველოში გამოჰყვა და მას შემდეგ აქ ცხოვრობს.
„ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური ჯანმრთელობას და დღეგრძელობას უსურვებს ქალბატონ ევდოკია კლიმოვას", – ნათქვამია უწყების განცხადებაში.
საქართველო მეორე მსოფლიო ომში აქტიურად მონაწილეობდა. ფრონტზე 700 ათასზე მეტი ქართველი წავიდა. აქედან ნახევარი უკან არ დაბრუნებულა.
ამჟამად საქართველოში მეორე მსოფლიო ომში მონაწილე დაახლოებით 400 ვეტერანია. აქედან ყველაზე უმცროსი 94 წლისაა, ხოლო უფროსი – თითქმის 103 წლის, განაცხადეს ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურში.