კახეთში ტყის ხანძარი პრაქტიკულად ჩამქრალია

წინასწარი ინფორმაციით, ცეცხლმა დაახლოებით 8 ჰექტარი ფართობი მოიცვა. აალების ძირითადი კერები უკვე ლიკვიდირებულია.
Sputnik

თბილისი, 25 თებერვალი — Sputnik. თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ფშავში ხანძრის ქრობა გრძელდება, განუცხადა „Sputnik-საქართველოს" თელავის მუნიციპალიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობების სპეციალისტმა ნათია ნანაშვილმა.

თემქაზე ბუჩქნარს ცეცხლი გაუჩნდა

ხანძარი გუშინ, დღის მეორე ნახევარში გაჩნდა. ცეცხლი ჯერ გამხმარ ბალახს მოედო, შემდეგ კი ტყის მასივს გადაედო. ადგილზე დროულად მივიდა სახანძრო-სამაშველო რამდენიმე ბრიგადა.

„ახლა ადგილზე სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს. შემიძლია ვთქვა, რომ ხანძარი ლოკალიზებულია. ტერიტორიაზე მთელი ღამე მეხანძრეები მორიგეობდნენ", – აღნიშნა ნანაშვილმა.

წინასწარი ინფორმაციით, ხანძარმა დაახლოებით 8 ჰექტარი ფართობი დააზიანა. მოსახლეობას საფრთხე არ შექმნია. ადგილზე რამდენიმე მეხანძრე რჩება.