თბილისი, 24 თებერვალი — Sputnik. იაპონელმა მეცნიერებმა შეყვარებული ადამიანების სხეულის ენით, კერძოდ, სიარულის მანერით განსაზღვრა ისწავლეს.
იაპონელი მკვლევარების ვარაუდით, ქუჩაში სინქრონულად მოსიარულე წყვილი შესაძლოა ერთმანეთის მიმართ სიყვარულს გრძნობდეს.
სპეციალისტებმა ეს დასკვნა ექსპერიმეტის საფუძველზე გააკეთეს. მათ ჩაატარეს კვლევა, რომელშიც ერთმანეთისთვის უცნობი ადამიანები მონაწილეობდნენ. ისინი ათ წყვილად დაჰყვეს და დაავალეს, შეევსოთ კითხვარი, ესეირნათ ისე, რომ ერთმანეთს არ გამოლაპარაკებოდნენ, ბოლოს საშუალება მისცეს, ორიოდე წუთი გასაუბრებოდნენ ერთმანეთს.
სწავლულები რესპონდენტების ქცევას მოძრაობის სენსორებითა და მიკროფონების მეშვეობით აკვირდებოდნენ.
შემდგომმა ანალიზმა აჩვენა, რომ ქუჩაში სასეირნოდ გასული წყვილები, რომლებსაც ერთმანეთის მიმართ გარკვეული სიმპათია გაუჩნდათ, ცდილობდნენ, სიარულისას ფეხი შეეწყოთ ერთმანეთისთვის.