თბილისი, 24 თებერვალი — Sputnik. დავით აღმაშენებლის სახელობის ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მილანის რეისით ჩამოსულ ერთ-ერთ მგზავრს 37,8 გრადუსი სიცხე აღმოაჩნდა და ის ქუთაისის კლინიკა „ელჯიდაკომპანიაში“ გადაიყვანეს, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.
ექიმის ინფორმაციით, 20 წლის გოგონას, რომელსაც აეროპორტში 37,8 ტემპერატურა დაუფიქსირდა, ამჟამად 37,2 გრადუსი სიცხე აღენიშნება და მისი მდგომარეობა სტაბილურია.
პაციენტი ბოქსირებულ განყოფილებაშია მოთავსებული და დაკვირვების ქვეშ იმყოფება. თუმცა რა ტიპის ვირუსით არის ის ავად, ჯერ დადგენილი არ არის.
კლინიკის მთავარი ექიმის თემურ ნადირაძის თქმით, ჯანდაცვის ცენტრთან შეთანხმებით, საჭიროების შემთხვევაში კვლევისთვის ანალიზები ლუგარის ლაბორატორიაში გადაიგზავნება.
კვირას იტალიაში კორონავირუსის დიაგნოზით დაავადებულთა რიცხვმა 165-ს მიაღწია. ინფექციის მსხვერპლი 4 ადამიანი გახდა. კორონავირუსის აფეთქება ქვეყანაში სამ ჩრდილოეთ რეგიონში დაფიქსირდა, ძირითადად, ლომბარდიაში და მეზობელ ვენეტოში. ამ რეგიონებისა და ასევე რამდენიმე რეგიონის ხელისუფლებამ სკოლებისა და უნივერსიტეტების ერთი კვირით დაკეტვის შესახებ განაცხადა.
სპეციალისტები კორონავირუსის გამო იტალიასთან საჰაერო მიმოსვლის შეჩერების საკითხს განიხილავენ.
საშიში ვირუსი
საქართველოში ამ დროისთვის კორონავირუსის არც ერთი შემთხვევა არაა დაფიქსირებული. ახალი ტიპის პნევმონიის აფეთქების გამო საქართველომ დროებით შეაჩერა ფრენები ჩინეთიდან და ირანიდან. ასევე აკრძალულია ცხოველების ჩამოყვანა ჩინეთიდან. აეროპორტებსა და სახელმწიფო საკონტროლო პუნქტებზე სპეციალისტები ყველა მოქალაქეს ამოწმებენ. ჯანდაცვის სამინისტრო მოსახლეობაში საინფორმაციო კამპანიას ატარებს.
ამ დროისათვის არსებული მონაცემებით, მატერიკულ ჩინეთში COVID-2019-ით დაავადებულთა მთლიანი რაოდენობა 77 150 კაცს შეადგენს. აქედან ამ დროისათვის ავადაა 49 824 ადამიანი, მათ შორის, 9 915 კაცი მძიმე მდგომარეობაშია. გამოჯანმრთელდა და საავადმყოფოებიდან გაეწერა 24 734 პაციენტი, გარდაიცვალა 2592. გარდა ამისა, ექიმები აკვირდებიან 97 ათას ადამიანს, რომლებსაც დაავადებულებთან მჭიდრო კონტაქტი ჰქონდათ.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (ჯანმო) ინფორმაციით, ჩინეთის საზღვრებს გარეთ კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობამ კვირა დღის მდგომარეობით 1 769 ადამიანი შეადგინა, გარდაცვლილია 17 ადამიანი.