COVID-19 - ბოლო ცნობები

ვის ემართება კორონავირუსი - ჯანმოს ექსპერტებმა ახალი დასკვნა გამოაქვეყნეს

კვლევებით დადგინდა, რომ დაავადებულთა საშუალო ასაკი 51 წელია. ინფიცირებულთაგან 77,8 პროცენტის ასაკი 30-დან 69 წლამდე მერყეობს. 
Sputnik

თბილისი, 24 თებერვალი — Sputnik. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ექსპერტთა ჯგუფმა, რომელიც ჩინეთში  ახალი ტიპის კორონავირუსის, COVID-2019-ის ეპიდემიის აფეთქების მიზეზების გამოსაძიებლად ჩავიდა, დაასკვნა, რომ ვირუსით  ინფიცირებას აბსოლუტურად ყველა ასაკობრივი კატეგორია ექვემდებარება. 

ვის არ ემართება კორონავირუსი – მეცნიერები კვლევის შედეგებს აქვეყნებენ

ჯანმოს ექსპერტების 25 კაციანი ჯგუფი ჩინეთში 16 თებერვალს ჩავიდა. მათ მოინახულეს პეკინი, გუანდუნის, სიჩუანისა და უჰანის პროვინციები.

„ახალი ტიპის კორონავირუსი — ეს დაავადების აღმძვრელის ახალი სახეობაა, რის გამოც არცერთ ასაკობრივ ჯგუფს არ გააჩნია იმუნიტეტი. ყველა მარტივად  შეიძლება დაინფიცირდეს“, — განაცხადეს ექსპერტებმა. 

კვლევებით დადგინდა, რომ დაავადებულთა საშუალო ასაკი 51 წელია. ინფიცირებულთაგან 77,8 პროცენტის ასაკი 30-დან 69 წლამდე მერყეობს. 

აღსანიშნავია, რომ მანამდე მკვლევარებმა შეისწავლეს უჰანში ახალი კორონავირუსით დაავადების პირველი 425 შემთხვევა და გაარკვიეს, რომ დაავადებულთა შორის არ იყო 15 წელზე უმცროსი ასაკის არცერთი ბავშვი. სწავლულების აზრით, ამის მიზეზი შესაძლოა იყოს ის, რომ ბავშვები ნაკლებად ექვემდებარებიან ინფიცირებას, ან ის, რომ სიმპტომები მათ უფრო იოლ ფორმებში უვლინდებათ.

ამასთან, მაშინ ინფიცირებულთა საშუალო ასაკად 59 წელი დასახელდა. 

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ცნობით, დღეისათვის კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა მთელ მსოფლიოში 79 524 ადამიანს შეადგენს, აქედან 77 150 კაცი — მატერიკულ ჩინეთში, სადაც ამ ეტაპზე ავადაა 49 824 ადამიანი. მათ შორის, 9 915 კაცი მძიმე მდგომარეობაშია. გამოჯანმრთელდა და საავადმყოფოებიდან გაეწერა 24 734 პაციენტი, გარდაიცვალა 2592. გარდა ამისა, ექიმები აკვირდებიან 97 ათას ადამიანს, რომლებსაც დაავადებულებთან მჭიდრო კონტაქტი ჰქონდათ.