მსოფლიო დღეს

აფრიკის სანაპიროებთან გატაცებული ქართველები: მოლაპარაკების დეტალები არ ხმაურდება

საქართველოს ხელისუფლება არ ახმაურებს დეტალებს უსაფრთხოების მიზნით, ამავეს ითხოვს გემის მფლობელი კომპანია
Sputnik

თბილისი, 24 თებერვალი - Sputnik. საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს მუდმივი კომუნიკაცია აქვს ხომალდის მფლობელ კომპანიასთან, საიდანაც საქართველოს მოქალაქეები გაიტაცეს.

ხუთშაბათს ღამით ლიბერიის დროშით მცურავ ტანკერს ნიგერიის ლაგოსის ნავსადგურთან მეკობრეები დაესხნენ თავს და ეკიპაჟის წევრები გაიტაცეს. მათ შორის ოთხი საქართველოს მოქალაქე იყო.

„დეტალებს უსაფრთხოებიდან გამომდინარე ვერ გავახმაურებთ და ამას ითხოვს გემის მფლობელი კომპანიაც. ჩვენ ასევე კომუნიკაცია გვაქვს სამ ქართველ მეზღვაურთანაც, რომლებიც გემზე დარჩნენ“, – განაცხადა სააგენტოს ხელმძღვანელმა თამარ იოსელიანმა პირველი არხის ეთერით.

თამარ იოსელიანის სიტყვებით, მათ მუდმივი კომუნიკაცია აქვთ გატაცებული მეზღვაურების ოჯახის წევრებთან. ამასთან, უწყებაში არ აზუსტებენ, დაუკავშირდნენ თუ არა მათ მეკობრეები, რომლებმაც საქართველოს მოქალაქეები გაიტაცეს.