თბილისი, 24 თებერვალი — Sputnik. სპეციალისტები კორონავირუსის გამო იტალიასთან საჰაერო მიმოსვლის შეჩერების საკითხს განიხილავენ, განაცხადა პრესკონფერენციაზე დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ.
ფრთხილად, კორონავირუსი! საქართველოს საელჩო სამხრეთ კორეაში თანამოქალაქეებს აფრთხილებს>>
კვირას იტალიაში კორონავირუსის დიაგნოზით დაავადებულთა რიცხვმა 152-ს მიაღწია. ინფექციის მსხვერპლი სამი ადამიანი გახდა. კორონავირუსის აფეთქება ქვეყანაში სამ ჩრდილოეთ რეგიონში დაფიქსირდა, ძირითადად, ლომბარდიაში (11 შემთხვევა) და მეზობელ ვენეტოში. ამ რეგიონებისა და ასევე რამდენიმე რეგიონის ხელისუფლებამ სკოლებისა და უნივერსიტეტების ერთი კვირით დაკეტვის შესახებ განაცხადა.
„მიმდინარეობს მსჯელობა ღონისძიებების გატარების თაობაზე სხვა ქვეყნებიდან შემოსული მგზავრების მიმართაც. მათ შორის მიმდინარეობს მსჯელობა იტალიასთან პირდაპირი ფრენების შეჩერების საკითხზე. გადაწყვეტილება, სავარაუდოდ, უახლოეს მომავალში იქნება მიღებული", – აღნიშნა გამყრელიძემ.
გამყრელიძის განცხადებით, მსოფლიოში კორონავირუსის გავრცელების რისკი გაიზარდა. საქართველო, მისი თქმით, ჯერ კიდევ მწვანე ზონაშია, თუმცა, პრევენციული ზომები ქვეყანაში იზრდება.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (ჯანმო) ინფორმაციით, ჩინეთის საზღვრებს გარეთ კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობამ კვირა დღის მდგომარეობით 1 769 ადამიანი შეადგინა.
ეს მაჩვენებელი ერთ დღე-ღამეში 367-ით გაიზარდა. ჩინეთის გარეთ ვირუსი 28 ქვეყანაში დაფიქსირდა. ლეტალური შედეგით დასრულდა 17 შემთხვევა.
ამ დროისათვის არსებული მონაცემებით, მატერიკულ ჩინეთში სულ COVID-2019-ით დაავადებულთა რაოდენობამ 77 150 კაცი შეადგინა. აქედან ამ დროისათვის ავადაა 49 824 ადამიანი, მათ შორის 9 915 კაცი მძიმე მდგომარეობაშია. გამოჯანმრთელდა და საავადმყოფოებიდან გაეწერა 24 734 პაციენტი, გარდაიცვალა 2592. გარდა ამისა, ექიმები აკვირდებიან 97 ათას ადამიანს, რომლებსაც დაავადებულებთან მჭიდრო კონტაქტი ჰქონდათ.
იტალიაში საქართველოს საელჩო: გაითვალისწინეთ იტალიის მთავრობის რჩევები>>
საქართველოში ამ დროისთვის კორონავირუსის არც ერთი შემთხვევა არაა დაფიქსირებული. ახალი ტიპის პნევმონიის აფეთქების გამო საქართველომ დროებით შეაჩერა ფრენები ჩინეთიდან და ირანიდან. ასევე აკრძალულია ცხოველების ჩამოყვანა ჩინეთიდან. აეროპორტებსა და სახელმწიფო საკონტროლო პუნქტებზე სპეციალისტები ყველა მოქალაქეს ამოწმებენ. ჯანდაცვის სამინისტრო მოსახლეობაში საინფორმაციო კამპანიას ატარებს.