ტყიბულში მეშახტეები გაიფიცნენ

ტყიბულელი მეშახტეები შიშობენ, რომ კომპანია Steel International trade გეგმავს ძიძიგურის სახელობის შახტის მთლიანად დახურვას, რაც სამუშაო ადგილების შემცირებას გამოიწვევს.
Sputnik

თბილისი, 24 თებერვალი — Sputnik. ტყიბულში კომპანია Steel International trade-ის მიერ ძიძიგურის სახელობის შახტის დახურვის გადაწყვეტილების გამო დაახლოებით 200-მდე მეშახტე გაიფიცა, აცნობა "Sputnik–საქართველოს" საქართველოს მეტალურგიული, სამთო და ქიმიური მრეწველობის მუშაკთა პროფესიული კავშირის თავმჯდომარემ თამაზ დოლაბერიძემ.

ტყიბულელი მეშახტეების სახელფასო დავალიანება ახალმა ინვესტორმა დაფარა

როგორც გაირკვა, ქვანახშირის მოპოვების პროცესი მესამე დღეა შეჩერებულია, რამდენადაც ობიექტზე შრომის პირობები გაუარესებულია. კომპანია Steel International trade-ის მიერ 2019 წლის ოქტომბერში მიცემული დაპირების თანახმად, ძიძიგურის სახელობის შახტში აღჭურვილობა, რომელსაც ექსპლუატაციის ვადა გასული აქვს, ოთხი თვის განმავლობაში უნდა გამოეცვალათ. შეთანხმების ვადა 2020 წლის 26 თებერვალს იწურება.

დოლაბერიძის განცხადებით, ამ პერიოდის განმავლობაში ძიძიგურის შახტში ბაგირების შეცვლის სამუშაოები, რომელთაც ამწე-სატრანსპორტო დანადგარებზე იყენებენ, არ განხორციელებულა.

როგორც მანამდე კომპანიის წარმომადგენლებმა განაცხადეს, ისინი ძიძიგურის შახტში შესასვლელის დაკეტვას აპირებენ, მეშახტეები კი მიწისქვეშ ჩასვლას და საკუთარ ადგილებზე მუშაობას „მინდელის" შახტიდან შეძლებენ.

როგორც კომპანიაში აცხადებენ, აღნიშნული ფაქტი გავლენას არ იქონიებს მეშახტეების არც ხელფასზე, არც დაზღვევასა და შრომის პირობებზე.

მეშახტეები, თავის მხრივ, დარწმუნებული არიან, რომ აღჭურვილობის გარემონტება და ბაგირების შეცვლა სულ ხუთ დღეშია შესაძლებელი და შახტის დახურვის აუცილებლობა არ არსებობს.

დავალება შესრულებულია – თურნავამ ტყიბულელი მეშახტეების პრობლემა გადაჭრა

რაღაც მომენტში მეშახტეებმა მზადყოფნა გამოთქვეს „მინდელის“ შახტში მუშაობაზე, თუმცა ისინი შიშობენ, რომ კომპანია გეგმავს ძიძიგურის სახელობის შახტის მთლიანად დახურვას, რაც სამუშაო ადგილების შემცირებას გამოიწვევს.

მეორე მხრივ მეშახტეები შიშობენ საკუთარ სიცოცხლეზეც, რადგან ტყიბულის შახტებში მომხდარი უბედური შემთხვევების ძირითადი ნაწილი სწორედ „მინდელის“ შახტზე მოდის.

„საქმე ისაა, რომ მეშახტეების ნდობა კომპანიისადმი, პრაქტიკიდან გამომდინარე, იმდენად დაბალია, რომ მათი არ სჯერათ. მით უმეტეს, რომ ისინი პირდაპირ პასუხს ვერ იღებენ – თუ რატომ არ შეიძლება ხუთი დღის განმავლობაში სამუშაოების ჩატარება და რატომ უნდა დაიკეტოს ძიძიგურის შახტა", – განაცხადა დოლაბერიძემ.

კომპანია Steel International trade-მა ტყიბულში ქვანახშირის მოპოვების უფლება 2019 წლის ოქტომბერში მიიღო და მეშახტეებს სახელფასო დავალიანებები დაუფარა.