COVID-19 - ბოლო ცნობები

ჩინურმა კომპანიებმა საკარანტინო პირობებზე ინფორმაცია წარმოადგინეს

შეზღუდვა გაგრძელდება იმ დრომდე, სანამ შესაბამისი სამსახურები არ დარწმუნდებიან, რომ კომპანიები სათანადოდ იცავენ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ დაავადების პრევენციისთვის გაცემულ საჭირო ყველა სტანდარტსა და რეკომენდაციას.
Sputnik

თბილისი, 24 თებერვალი — Sputnik. ჩინურმა კომპანიებმა საავტომობილო გზების დეპარტამენტის წარმომადგენლებს მიაწოდეს ინფორმაცია თუ როგორ იცავენ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისა და საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციებს ვირუსის პრევენციისა და საკარანტინო პირობების დაცვასთან დაკავშირებით.

საქართველო კომპანიებს მოუწოდებს, თავი შეიკავონ ჩინეთიდან სამუშაო ძალის შემოყვანისგან

შეხვედრისას გადაწყდა, რომ ჯანდაცვის სამინისტრო ინფორმაციის შესწავლის საფუძველზე დამატებით შეიმუშავებს ინდივიდუალურ რეკომენდაციებს კომპანიებისათვის და დამატებით მონიტორინგს განახორციელებს მათ შესრულებაზე, რათა თავიდან იქნას აცილებული კორონავირუსის გავრცელების საფრთხე.

„გადავწყვიტეთ, რომ შედგება დამატებითი ჯგუფები ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლების ჩართულობით, რომლებიც ადგილებზე გაეცნობიან არსებულ ვითარებას და გასცემენ შესაბამის რეკომენდაციებს," - აღნიშნა საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის სამედიცინო მომსახურების ხარისხისა და შიდა კონტროლის დეპარტამენტის უფროსმა ეკა გოლიაძემ.

საავტომობილო გზების დეპარტამენტმა ჩინურ კომპანიებს მოუწოდა, თავი შეიკავონ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკიდან დამატებითი სამუშაო ძალის შემოყვანისგან.

შეზღუდვა გაგრძელდება იმ დრომდე, სანამ შესაბამისი სამსახურები არ დარწმუნდებიან, რომ კომპანიები სათანადოდ იცავენ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ დაავადების პრევენციისთვის გაცემულ საჭირო ყველა სტანდარტსა და რეკომენდაციას.

ასეთი შეზღუდვის დაწესება განაპირობა 22 თებერვალს ჩინეთიდან საქართველოში ჩამოსული ერთ-ერთი კომპანიის თანამშრომლების განთავსებასთან დაკავშირებით შექმნილმა სიტუაციამ.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, ჩინეთის საზღვრებს გარეთ ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რიცხვმა კვირას 1769 ადამიანს მიაღწია.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ცნობით, ჩინეთის საზღვრებს გარეთ დღე-ღამის განმავლობაში დაავადების დადასტურებული შემთხვევების რიცხვი 367-ით გაიზარდა. კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევები მსოფლიოს 28 ქვეყანაში დაფიქსირდა. ლეტალური შემთხვევების საერთო რიცხვმა 17-ს მიაღწია, ამასთან COVID-19-ით ბოლო დღე-ღამეში ექვსი ადამიანი დაიღუპა.

ამ დროისთვის მატერიკულ ჩინეთში COVID-2019-ით ინფიცირებულთა მთლიანი რაოდენობა 77 150 კაცს შეადგენს. აქედან ამ დროისათვის ავადაა 49 824 ადამიანი, მათ შორის 9 915 კაცი მძიმე მდგომარეობაშია. გამოჯანმრთელდა და საავადმყოფოებიდან გაეწერა 24 734 პაციენტი, გარდაიცვალა 2592. გარდა ამისა, ექიმები აკვირდებიან 97 ათას ადამიანს, რომლებსაც დაავადებულებთან მჭიდრო კონტაქტი ჰქონდათ.