თბილისი, 23 თებერვალი - Sputnik. ირანისა და თურქეთის საზღვარზე 5,7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრის შედეგად თურქეთის ვანის პროვინციაში დაიღუპა რვა ადამიანი, მათ შორის სამი ბავშვია, იუწყება „Sputnik-აზერბაიჯანი“.
თურქეთის მედიის ინფორმაციით, ნანგრევების ქვეშ ადამიანები რჩებიან. მიწისძვრის შემდეგ ჰოსპიტალიზებულია 21 ადამიანი, მატან რვა პირი კრიტიკულ მდგომარეობაშია.
ევროპის ხმელთაშუა ზღვის სეისმოლოგიური ცენტრის (EMSC) ინფორმაციით, 5,7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა ირანისა და თურქეთის საზღვარზე თბილისის დროით 09:52 საათზე მოხდა. ეპიცენტრი მდებარეობდა 141 კილომეტრში დასავლეთით ირანის ქალაქ თავრიზიდან და თურქეთის ქალაქ ოზალპიდან სამხრეთ-აღმოსავლეთით 71 კილომეტრში. კერა 5 კილომეტრის სიღრმეზე მდებარეობდა.
დღეს დილით დაფიქსირდა კიდევ 10 აფტერშოკი, უძლიერესი 4,4 მაგნიტუდის სიმძლავრის იყო.
საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით იუწყება, რომ თურქეთში, ვანის პროვინციაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულებსა და დაშავებულებს შორის, ამ დროისთვის საქართველოს მოქალაქეები არ არიან.
როგორც უწყებაში აცხადებენ, ტრაბზონში საქართველოს გენერალური საკონსულო ხაზზეა თურქეთის ყველა შესაბამის უწყებასთან, სტიქიის ზონაში დაშავებულების შესახებ დეტალური ინფორმაციის მიღების მიზნით.