COVID-19 - ბოლო ცნობები

საქართველოს საგარეო უწყება მოქალაქეებს ირანში წასვლისგან თავის შეკავებას ურჩევს

ირანში მყოფი საქართველოს მოქალაქეებისთვის ცხელი ხაზი ამოქმედდა. საქართველოს დიპლომატიური მისია მზად არის თანამემამულეებს დახმარება გაუწიოს
Sputnik

თბილისი, 22 თებერვალი — Sputnik. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ქვეყნის მოქალაქეებს ირანში წასვლისგან თავის შეკავებას ურჩევს.

ირანში კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით საქართველოში გარკვეული გადაწყვეტილებები იქნება მიღებული. ამის შესახებ შაბათს დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა. პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას განკარგულებით შეიქმნა საკოორდინაციო საბჭო, რომელიც იმსჯელებს, რა ზომები იქნება მიღებული საქართველოში.

„საქართველოს მოქალაქეთა საყურადღებოდ! კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით შექმნილი მდგომარეობის გამო გთხოვთ თავი შეიკავოთ ირანში მოგზაურობისაგან. ირანში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს, საჭიროების შემთხვევაში შეუძლიათ დაუკავშირდნენ თეირანში საქართველოს საელჩოს ცხელ ხაზზე +989352110274, +989122997726, +989108201041“, - ნათქვამია საგარეო უწყების განცხადებაში.
ირანში კორონავირუსის გავრცელება საქართველოს მხრიდან შესაბამის ზომებს გამოიწვევს

ირანის ხელისუფლებამ შაბათს განაცხადა, რომ ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 10 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, სულ დაავადებულია 28 ადამიანი. ამ ვირუსით ირანში უკვე ხუთი ადამიანი გარდაიცვალა.

რაც შეეხება საქართველოს, აქ კორონავირუსის შემთხვევები არ გამოვლენილა. თუმცა შაბათს საღამოს თბილისის ინფექციურ საავადმყოფოს ბოქსირებულ განყოფილებაში მოათავსეს თეირანი-თბილისის რეისით ჩამოსული ირანის ოთხი მოქალაქე, რომელთაც აეროპორტში მაღალი ტემპერატურა დაუფიქსირდათ. მათი ანალიზების საბოლოო შედეგები ხვალ საღამოს გახდება ცნობილი.

შაბათს ქუვეითმა და ერაყმა ირანთან ავიამიმოსვლა შეაჩერეს. რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი, მიიღებს თუ არა საქართველო ანალოგიურ გადაწყვეტილებას.

ჩინეთის ჯანდაცვის სახელმწიფო კომიტეტის ბოლო მონაცემებით, დღეისათვის მატერიკულ ჩინეთში ახალი ტიპის კორონავირუსით, COVID 2019–ით დაავადებულთა საერთო რაოდენობა 76 392 შეადგენს. აქედან ამ დროისათვის ავადაა 53 284 ადამიანი, მათ შორის 11 477— მძიმედ. გამოჯანმრთელდა და საავადმყოფოებიდან გაეწერა 20 659 პაციენტი, 2 348 კაცი გარდაიცვალა.

ჩინეთის ფარგლებს გარეთ კორონავირუსით დაავადების სულ 1402 დადასტურებული შემთხვევა დაფიქსირდა (202 ახალი შემთხვევა), დაავადება 28 ქვეყანაში დაფიქსირდა (ბოლო 24 საათში ქვეყნების სიას დაემატა ისრაელი და ლიბანი), გარდაიცვალა 11 ადამიანი, აქედან 3 - დღეს.